რიჟვაძეს დაუბრუნებია სააკაშვილი პოლიტიკაში. თორნიკე, რა ქენი ასეთი, რატომ დააბრუნე სააკაშვილი პოლიტიკაში, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მამუკა მდინარაძის თქმით, სააკაშვილის მიერ ქართულ პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განცხადება „ფეიკპიარია“.
„სააკაშვილის პოსტი რიჟვაძის განცხადებას მოჰყვა? რიჟვაძეს დაუბრუნებია სააკაშვილი პოლიტიკაში. თორნიკე, რა ქენი ასეთი, რატომ დააბრუნე სააკაშვილი პოლიტიკაში?! სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში რომ დაბრუნდეს, საჭიროა, მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა, უცხო ქვეყნის მოქალაქე ქართულ პოლიტიკაში ვერ ჩაერევა. ჯერ უნდა თქვას, საქართველოს მოქალაქეობას მივიღებო, რომელზეც უარი ვთქვიო. ჯერ საქართველოს მოქალაქეობა უნდა მოითხოვოს შესაბამისი კრიტერიუმებით და ამის შემდეგ შეიძლება, სერიოზულად აღვიქვათ. ახლა ეს არის წმინდა წყლის „ფეიკპიარი“. სად ბრუნდება, როგორ ბრუნდება, ჯერ ფიზიკურად რომ დაბრუნდა, რა ქნა, ახლა პოლიტიკურად რომ დაბრუნდება, მერე რას იზამს, ვის დაჰკარგვია? სისხლის სამართლის დამნაშავეა და „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ და მხოლოდ გამოადგება, თუ მოქალაქეობას მიიღებს და ქართულ პოლიტიკაში დაბრუნდება. „ქართული ოცნებისთვის“ საჩუქარი იქნება, რადგან ეს კაცი სიმბოლოა ბოროტების და რამდენჯერაც დაინახავს ქართველი ადამიანი მას, მიხვდება, როგორ უნდა განასხვაოს ბოროტი და კეთილი, ბნელი და ნათელი, ათასი კონტრასტი შეიძლება წარმოვიდგინოთ მიხეილ სააკაშვილის მეორე მხარეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა: „გაორმაგებულია როგორც ვიზიტორების რაოდენობა, ისე შემოსავლების მოცულობა. ამ საერთო ხვედრით წილში არიან, მათ შორის იმ ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც 2008 წელს ლაჩრულად წაგებული ომის შემდეგ სააკაშვილის ხელისუფლებამ მწვანე აუნთო, უვიზო რეჟიმი დაუწესა და ყვავილებით, ქართული ღვინით ხელში ეგებებოდა“.
მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ქართულ პოლიტიკაში აქტიურად ჩართვას აპირებს.