დღეს, 16 დეკემბერს, 13:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში მინისტრი ნიკოლოზ რურუა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის, "საქპატენტის" თავმჯდომარე ირაკლი ღვალაძე ხელოვნების სფეროში მოღვაწე ადამიანებს შეხვდებიან.
კულტურის მინისტრი და "საქპატენტის" თავმჯდომარე, ა. წ. ნოემბრიდან საავტორო უფლებათა დაცვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრები არიან. დიალოგი ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებთან საქართველოში მოქმედი საავტორო უფლებების დაცვის მექანიზმებს შეეხება.
"საქპატენტი" ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კუთხით სახელმწიფო პოლიტიკას განსაზღვრავს. მისი ხელმძღვანელობა თავს ვალდებულად მიიჩნევს, ყოველი საკანონმდებლო ცვლილება ან ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში წარმოქმნილი სიახლეები პირადად გააცნოს იმ ადამიანებს, რომელთა ინტელექტუალური საკუთრება სახელმწიფოს მხრიდან დაცვის ობიექტია.
"საავტორო უფლებათა დაცვის უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 12 ნოემბრის # 912 ბრძანებულებით, შეიქმნა საავტორო უფლებათა დაცვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო შემდეგი შემადგნელობით: ნიკა გილაური, ნიკოლოზ რურუა, ეკატერინე ზღულაძე, რუსუდან კემულარია, ვახტანგ ლეჟავა, ირაკლი ღვალაძე, დიმიტრი ძაგნიძე.