პროვოკაციასთან დაკავშირებით პოზიციას და სინანულს რომ გამოხატავ, ეს ჩვეულებრივი ამბავია, აბსოლუტურად ჯანსაღი მოვლენაა, - ამის შესახებ განაცხადა „ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით, რომელიც 2021 წლით თარიღდება. ჩანაწერში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე ჩაიკოვსკის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის პრეზიდენტთან, მარკ ზილბერკვიტთან საუბრისას ადამიანებს ვინც საქართველოში პოზნერის ვიზიტი გააპროტესტა, „ნაცისტებს“ და „სააკაშვილის ზონდერებს“ უწოდებს და ბოდიშს უხდის.
კობახიძის თქმით, თავის დროზე ეს იყო აბსოლუტურად მიუღებელი ინციდენტი, რომელიც შეასრულა ხოშტარიამ.
„თავის დროზე იყო კონკრეტული ინციდენტი, აბსოლუტურად მიუღებელი ინციდენტი, რომელიც შეასრულა ხოშტარიამ, რომელიც რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს რუსულ რუბლებს. ამასთან დაკავშირებით ელემენტარულად თავისი პოზიცია დააფიქსირა ზურაბ აბაშიძემ, რაც იყო აბსოლუტურად სწორი. როდესაც ელენე ხოშტარია, რომელიც რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს რუსულ რუბლებს, უწყობს პროვოკაციას კონკრეტულ ჯგუფს, ეს არის ერთი – ორმაგი სტანდარტი, მეორე – არაეთიკური ქმედება და ა.შ. ამაზე ჰქონდა საუბარი ზურაბ აბაშიძეს. თქვენ კითხვები უნდა დასვათ იმასთან დაკავშირებით, რატომ იღებს ელენე ხოშტარია რუსულ რუბლებს რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თან აწყობს პროვოკაციებს ვითომდა ანტირუსული განწყობების საფუძველზე. ძალიან ცუდია, რომ ამასთან დაკავშირებით არ გიჩნდებათ კითხვები.
მგონი, ამაზე ყველამ უნდა დაუსვას კითხვა ელენე ხოშტარიას. ზურა აბაშიძე იყო და არის პასუხისმგებელი ურთიერთობებზე. რა თქმა უნდა, აქ საუბარი არ არის დიპლომატიურ ურთიერთობაზე, ჩვენ შეწყვეტილი გვაქვს, მაგრამ საუბარია სავაჭრო-ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ ურთიერთობებზე და ა.შ. ამით არის დაკავებული ზურაბ აბაშიძე. ასეთ დროს როცა ის კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს კონკრეტულ ადამიანზე, ელენე ხოშტარიაზეა საუბარი, რომელსაც ამ დღეებშიც ჩაერიცხა ფული რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ყიდულობენ ბინებს და მიწას თბილისის შემოგარენში, ბათუმში და ა.შ. ხოშტარია იყო ამ პროვოკაციის ორგანიზატორი, რომელიც თან იღებს რუსულ რუბლებს რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამ პროვოკაციასთან დაკავშირებით პოზიციას და სინანულს რომ გამოხატავ, ეს ჩვეულებრივი ამბავია, აბსოლუტურად ჯანსაღი მოვლენაა“, - განაცხადა კობახიძემ.