სალომე ზურაბიშვილი მაინც არ ლახავს გარკვეულ წითელ ხაზებს, რაც ძალიან მისასალმებელია, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.
კობახიძის თმით, სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება მისასალმებელია და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედების მაგალითია, რაც აღნიშვნას იმსახურებს.
„ჩვენ ვთქვით, რომ არ შევდივართ პოლემიკაში სალომე ზურაბიშვილთან, არცერთ შემთხვევაში ამას არ გავაკეთებთ. ასევე ვთქვით, რომ თუ პრეზიდენტი გააკეთებს ისეთ განცხადებებს, რომლებიც შეესაბამება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ამას სათანადოდ აღვნიშნავთ. ეს არის ერთ-ერთი განცხადება, რომელიც სათანადო აღნიშვნის ღირსია. ჩვენ ვთქვით, რომ სალომე ზურაბიშვილი მაინც არ ლახავს გარკვეულ წითელ ხაზებს, რაც ძალიან მისასალმებელია და ეს არის ამის მორიგი მაგალითი, ანუ სალომე ზურაბიშვილი ამ შემთხვევაში მოქმედებს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, რაც იმსახურებს სათანადო აღნიშვნას ჩვენი მხრიდან. ყოველთვის დავუფასებთ სალომე ზურაბიშვილს ნებისმიერ განცხადებას და მოქმედებას, რომელიც გამომდინარეობს და შეესაბამება ეროვნულ ინტერესებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.