ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, პარლამენტში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ როცა რუსულ თემაზეა საუბარი, მომხდარის მოთმენა პრაქტიკულად შეუძლებელია. „რომ არა ჩვენი, - პოლიტიკოსების თმენის ვალდებულება, ალბათ, არ ვიცი აქ რა მოხდებოდა. მაგრამ ძალიან კარგია, რომ ეს თმენის ვალდებულება არსებობს. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ამ წესის დაცვას, მაგრამ ადამიანები, რომლებიც პარტიას წარმოადგენენ, რომელმაც, თავის მხრივ, ომის დანაშაულში ქართველი სამხედროები დაადანაშაულა, მათგან ამ არგუმენტებს მიღება შეუძლებელია“, აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
როგორც მან მედიასთან საუბრისას განაცხადა, ის კარგად იცნობს შშმ პირების თემებს, როგორც პროფესიული, ისე წარსული ცხოვრებიდან გამომდინარე და ოჯახიდანაც, „როდესაც პოლიტიკური მიზნებისთვის ასეთ სტრესს აყენებენ ბავშვებს, შშმ პირებს, შვილებს და მერე ამაზე ტაშს უკრავს ვიღაცა და მერე თავს გამოიდებს, დიახ, მე დავუკარი ტაში ამ პერფორმანსზეო, ასეთ ხალხს ყველაფერი ეკუთვნის“, - განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.
„ჩემთვის ერთი ფოტო, ყველაზე ამაღელვებელი იყო - ყურებში თითებგარჭობილი ბავშვი, შშმ პირი, ამ საშინელების და მარაზმის შედეგად, წარმოუდგენელი ამბავია. არ შეიძლება ხალხო, არ შეიძლება ყველაფერი იკადრონ ადამიანებმა. შშმ პირებს, ბავშვებს, დაჭირდათ რომ ხელები დაეფარათ ყურებზე და ყურებში თითები გაირჭეს, რომ ამ უბედურებისთვის, ამ საშინელებისთვის არ შეეხედათ, ამის კადრება არ შეიძლება. „ნაცი“ კი არა, მართლა ფაშისტი რომ იყო წინა საუკუნიდან და ათასგვარი უბედურების წარმომადგენელი, მაშინ არ უნდა იკადრო ეს. სწორედ ეს იყო ჩემი რეაქციის საფუძველი, რომ დიახ, მე დაუკარი ამ პერფორმანს ტაშიო და ბავშვები საერთოდ არ აინტერესებდათ, ამას შეფასების მიღმა დავტოვებ იმიტომ, რომ არ შეიძლება კორექტულად ეს შეაფასო“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.