საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის საუკეთესო კასტოდიანი ბანკები წელს 21-ედ გამოავლინა. საქართველოს ბანკი კი 2023 წლის საუკეთესო კასტოდიან ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.
გამოცემამ ფინანსური ინსტიტუტების მიერ ლოკალურ და რეგიონულ ბაზარზე 2022 წელს შექმნილი და გაუმჯობესებული სერვისები შეაფასა, საბაზრო კვლევებსა და საექსპერტო წყაროებზე დაყრდნობით კი გამარჯვებული ფინანსური ინსტიტუტები გამოავლინა.
„დღეს ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, ფინანსური სექტორის მნიშვნელობა სულ უფრო და უფრო მეტად იზრდება. Global Finance-ის მიერ საუკეთესო კასტოდიანი ბანკის ჯილდო კი ისეთი ფინანსური ინსტიტუტების გამოვლენას ემსახურება, რომლებიც ქმნიან ინოვაციურ და ეფექტურ გადაწყვეტებს მომხმარებლებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით“, - აღნიშნავს Global Finance-ის სარედაქციო ხელმძღვანელი, ჯოზეფ გირაპუტო.
„საქართველოს ბანკი, როგორც კერძო ფინანსური ინსტიტუტი, მიზნად ისახავს, შექმნას ისეთი ტექნოლოგიური და პროცედურული გადაწყვეტები, რომლებიც მაქსიმალურად იქნება მორგებული მომხმარებლის კომფორტსა და საჭიროებებზე. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ არსებული პროდუქტებისა და სერვისების განახლებასა და გაუმჯობესებაზე, პარალელურად კი ვახდენთ ახალი ინიციატივების იმპლემენტაციას, რომლებიც ზრდიან ეფექტურობას და შესაბამისობაში მოდიან თანამედროვე სამყაროს მოთხოვნებთან. ჩვენს წარმატებას მოწმობს ის ფაქტი, რომ ჩვენი ციფრული სერვისების ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების რაოდენობა (Digital MAU) ყოველწლიურად საშუალოდ 33.3%-ით იზრდებოდა და 2022 წელს 1.1 მილიონი შეადგინა. საერთაშორისო გამოცემა Global Finance-ის მიერ მოპოვებული აღიარება კი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენთვის, რომელიც მიგვანიშნებს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ. ეს გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ და შევქმნათ კიდევ უფრო მეტი ახალი და ინოვაციური საბანკო პროდუქტი, რომელიც მომხმარებელს ქართულ და საერთაშორისო ბაზრებზე ფასიანი ქაღალდებით ანგარიშსწორებისა და შენახვის პროცედურებს უფრო მეტად გაუმარტივებს“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის გლობალური საბანკო ბიზნეს მიმართულების ხელმძღვანელი, ელენე ცხადაია.