9 ივნისს, 11:00 საათზე, ZEG Tbilisi Storytelling Festival-ის მეორე საფესტივალო დღე გაიხსნება თემით „თავისუფლება, რომელიც ყველას გვჭირდება“, რომელშიც მონაწილეობას იღებს ნობელის პრემიის ლაურეატი მარია რესა. დღის განმავლობაში ფესტივალის სხვადასხვა სივრცეში გაიმართება დისკუსიები ისეთ თემებზე, როგორიცაა: “დაგვავიწყა თუ არა, უკრაინის ომმა სხვა კონფლიქტები“, „ხელოვნური ინტელექტი: რა გველის”, „მიგრანტების ისტორიები უკრაინიდან და ცენტრალური აზიიდან“, „განათლების მომავალი“, „ახალი ფორმების ძიება მონაცემთა ჟურნალისტიკაში“, „თაობის ცვლილება საქართველოში: დისკუსია GEN-Z-სთან“, „როგორ გადმოვცეთ ისტორიები სპორტის გმირების შესახებ“, „ნარატივის როლი არქიტექტურაში“. მეორე საფესტივალო დღეს დახურავს ჰოლივუდის კინოოპერატორი ფედონ პაპამიქაელი თემით „შემოქმედებითი კოლაბორაცია კინოინდუსტრიაში“.
ამასთან ერთად, ZEG-ის ფარგლებში, 19:30 საათზე, მარჯანიშვილის თეატრში, European Press Prize-ის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება, სადაც 2023 წლის საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრები გამოვლინდება. European Press Prize-ი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა მედიაინდუსტრიაში და სპეციალურად ამ დღისთვის თბილისს 150-მდე წამყვანი ჟურნალისტი ეწვია, როგორც ევროპიდან, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
ZEG ფესტივალის 6 პარალელურ სცენაზე გაიმართება პანელური დისკუსიები, სესიები, ფილმების ჩვენებები, ვორქშოფები, ქალაქის ტურები და არაფორმალური ღონისძიებები. ფესტივალის სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა, გაეცნონ ამბის თხრობის/გადმოცემის როგორც ტრადიციულ, ისე ინოვაციურ მეთოდებს და მიიღონ ინსპირაცია საკუთარი საქმიანობისთვის.
ფესტივალი აერთიანებს სხვადასხვა ინდუსტრიის 60-მდე წამყვან პროფესიონალს, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, რომლებიც ამბის გადმოცემის თავიანთ უნიკალურ ხერხებს გაგვიზიარებენ. კინო, მედია, ფოტოგრაფია, განათლება, ლიტერატურა, მეწარმეობა, გარემოს დაცვა, ტექნოლოგიები - ეს ის სფეროებია, რომლის შესახებაც 3 დღიანი ფესტივალის განმავლობაში არაერთი დისკუსია გაიმართება. სრული პროგრამა აქ: https://www.zegfest.com/event-programs/zeg-2023