უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა არ იყენებს დასავლურ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის. მისივე თქმით, ამ საკითხზე დასავლეთის ქვეყნებს მისთვის არ მიუმართავთ. ამის შესახებ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ არ ვიყენებთ დასავლურ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე, ამიტომ ჩემთვის არავის მოუმართავს“, - ასე უპასუხა ზელენსკიმ შეკითხვას, მიმართეს თუ არა მას დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის ტერიტორიაზე მათი იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით.
ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა არ აპირებს სხვა ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაციას.
„თუ ჩვენ გვსურს ვიყოთ ევროკავშირსა და ნატო-ში - უნდა ვიმოქმედოთ შესაბამისად“, - განაცხადა ზელენსკიმ.
5 ივნისს, ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ დე კროომ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას მიმართავს განმარტოს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ბელგიური წარმოების შაშხანები გამოიყენებოდა რუსეთის საზღვარზე.
მანამდე The Washington Post-ი სადაზვერვო ცნობებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ რუსეთის მოხალისეთა კორპუსისა და ლეგიონ „რუსეთის თავისუფლების“ მეომრებმა, რომლებიც უკრაინელების მხარეზე იბრძვიან, მაისის ბოლოს რუსეთის ბელგოროდის ოლქში შეჭრისას გამოიყენეს სულ მცირე ოთხი ტაქტიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლებიც უკრაინას დასავლეთის ქვეყნებმა გადასცეს.