თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიცია არათუ არ დგამს ნაბიჯებს, რათა საქართველომ 12 რეკომენდაცია შეასრულოს, არამედ პირიქით, ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
მისი თქმით, ეს არის არა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის ხელის შეშლა, არამედ ქვეყნისთვის ხელის შეშლა, რომ არ მიიღოს სტატუსი.
„საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა 12-ვე რეკომენდაცია იყოს შესრულებული და ივნისის ბოლოს ეს პროცესი დასრულებული იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციას ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს ამ რეკომენდაციების შესასრულებლად. არათუ პოზიტიური ნაბიჯის გადმოდგმა, პირიქით, ყველაფერს აკეთებენ ეს ადამიანები, რომ როგორმე ხელი შეუშალონ ამ პროცესს.
არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რომ ეს „ქართული ოცნებისთვის“ ხელის შეშლაა, ეს ამ საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებია, რათა ხელი შეუშალონ ქვეყანას სტატუსის მიღებაში. არა მხოლოდ აქ, იქაც, უცხოეთშიც დარბიან კაბინეტიდან კაბინეტში. ასე დარბოდნენ ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების დროს, უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილების მიღების დროს და მცდელობა ჰქონდათ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებები არ ყოფილიყო საქართველოს სასარგებლოდ მიღებული. ეს ადამიანები ისევ აგრძელებენ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის, ხალხის, ამ ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ და ცდილობენ, რომ ხელი შეუშალონ სტატუსის მიღებას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.