ხვალ, 15 დეკემბერს, 11:00 საათზე, მსოფლიო ბანკის რეგიონული დეპარტამენტის დირექტორი ასად ალამისი თსუ-ში სემინარს ჩაატარებს. სემინარის თემაა "გლობალური ფინანსური კრიზისის შედეგები სამხრეთ კავკასიაში".
ალამი ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის ეკონომიკის დოქტორის ხარისხის მფლობელია. მსოფლიო ბანკის რეგიონალური დეპარტამენტის დირექტორი სხვადასხვა დროს ლათინურ ამერიკაში, აღმოსავლეთ აზიაში, აფრიკასა და ევროპაში მუშაობდა; 2009 წლის იანვრიდან კი ასად ალამი სომხეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში სამხრეთ კავკასიის რეგიონულ დირექტორად დაინიშნა. გამოქვეყნებული აქვს არაერთი ნაშრომი სხვადასხვა თემაზე, როგორიცაა სიღარიბე, ვაჭრობა, პროდუქტიულობა, უთანასწორობა და ფისკალური საკითხები.
ასად ალამის თანაავტორობით შექმნილია მსოფლიო ბანკის ბოლო პუბლიკაციები: "პროდუქტიულობის ამაღლება აღმოსავლეთ ევროპასა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში" და "ეკონომიკური ზრდა, სიღარიბე და უთანასწორობა აღმოსავლეთ ევროპასა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში".