ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია და აფხაზთა კრების თავმჯდომარე, მალხაზ პატარია პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ხალხის ძალის წევრის დიმიტრი ხუნდაძის მიერ „აფხაზეთობასთან“ დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებებს გამოეხმაურნენ.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ივანიშვილის რეჟიმი აგრძელებს ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო პროპაგანდას და არცერთ განცხადებაში, რომელიც მათ გააკეთეს, არ იყო ნახსენები არა თუ რუსეთის მიერ 90-იან წლებში აფხაზეთში ჩადენილი დანაშაულები, გენოციდი და ეთნიკური წმენდა, არამედ საერთოდ რუსული ოკუპაცია.
მისი თქმით, ამ გზავნილებში ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპაციის პრობლემა წარმოჩენილია, როგორც ეთნიკური კონფლიქტი, სადაც ჩვენ და აფხაზები უნდა შევრიგდეთ და ჩვენი მტრის ფაქტორი, ვინც დააორგანიზა გენოციდი, ვისაც დღეს ჩვენი ტერიტორია ოკუპირებული აქვს და ვისი მარიონეტი რეჟიმიც ზის სოხუმსა და ცხინვალში, მათი ხსენება არ არის არცერთგან.
„როდესაც ჩვენ ევროპული საქართველო ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვსაუბრობთ გარუსების პოლიტიკაზე და იმაზე, რომ ივანიშვილის რეჟიმის ნაბიჯები წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ღალატს, იგულისხმება სწორედ ასეთი ამბები, როდესაც შენ შეგნებულად იმეორებ იმ ნარატივს, რომელიც შენს მტერს სჭირდება. მე შეგახსენებთ, რომ დღემდე პუტინამდელი და პუტინის რუსეთის ნარატივია, რომ ეს იყო ეთნიკური კონფლიქტი და რუსეთი არაფერ შუაში არაა.
ჩვენივე მთავრობა ხელს უწყობს იმას, რაც აზიანებს საქართველოს ინტერესებს ქვეყნის შიგნით და რაც მთავარია, ქვეყნის გარეთ. იმის ნაცვლად, რომ ამ ისტორიული მომენტით ისარგებლოს, როცა თავისუფალი სამყაროს პოზიციები არსებითად შეიცვალა სწორი მიმართულებით, როცა უკრაინაში ჩადენილი დანაშაულები გენოციდად აღიარდა და ეს დისკუსია გახსნილია, იმის ნაცვლად რომ აწარმოოს კამპანია საერთაშორისო ასპარეზზე, რათა რუსეთის მიერ აფხაზეთში ქართველთა გენოციდი იქნას აღიარებული, ამის მაგივრად, პირიქით, ხაზს უსვამს, რომ ეს ეთნიკური კონფლიქტი იყო.
ეს არის ღალატი და ამაზე პასუხი უნდა მოეთხოვოთ, პოლიტიკურმა ძალებმა უნდა გამოთქვან ამაზე თავისი პოზიცია და სწორედ ასეთი მოვლენების გამო ყველას გეპატიჟებით 28 მაისს, 20:00 საათზე რუსთაველზე გარუსების პოლიტიკის წინააღმდეგ ევროპული საქართველოს, აფხაზთა კრებისა და პარტნიორების მიერ დაგეგმილ აქციზე“ - თქვა გიგა ბოკერიამ
როგორც მალხაზ პატარაიამ აღნიშნა, აფხაზეთის ოკუპაციიდან 30 წლის შემდეგაც იგივე რამ გვესმის, რაც გვესმოდა მთელი ამ დროის განმავლობაში, რაც გენოციდის უარყოფასა და ამის ეთნიკურ კონფლიქტად წარმოჩენას მოიცავს.
მისი თქმით, ჩვენ გვაქვს ოკუპაციისა და დევნილთა შესახებ კანონი, რომელიც ერთმანეთთან კორელაციაშია და იძლევა გენოციდის სურათს, თუმცა არ არის სახელი დარქმეული ყველაფრისთვის, ანუ არსებობს საპარლამენტო დადგენილებები გენოციდის შესახებ, მაგრამ არ არის მითითებული ავტორი - რუსეთი.
„ერთადერთი ამოცანა უნდა იყოს, რომ რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილი დანაშაულები უკრაინის მსგავსადაც იქნას აღიარებული გენოციდად, თუმცა ამის ნაცვლად, ჩვენი ხელისუფლება ისევ გვაბრუნებს წარსულში, ეგრედწოდებული აფხაზურ-ქართული კონფლიქტის კლიშეებში, რითაც პირდაპირ ახორციელებენ პუტინისა და ლავროვის მიერ გაცხადებულ პოლიტიკას.
ეს არის ღალატის გაცხადება, რუსეთის აგრესიის, ოკუპაციისა და გენოციდის მიჩქმალვის პოლიტიკის გაგრძელება, მითუმეტეს მაშინ, როცა მთელი მსოფლიო აღიარებს გენოციდს უკრაინაში, მათ შორის ნატოს საპარლამენტო ასაბლეამაც მიიღო შესაბამისი რეზოლუცია, ხოლო ჩვენ მივდივართ ლაქუცის, ლაქიობის, თავზე ნაცრის დაყრის პოლიტიკით, თუმცა ჩვენ ამით ვერაფერს ვერ მივაღწევთ, რადგან ისტორიულად ცნობილია, რუსეთს არ აქვს მიზნად, რომ საქართველოს ჰქონდეს სახელმწიფო“ - თქვა მალხაზ პატარაიამ.
ცნობისთვის, ხალხის ძალის ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ ფეისბუქზე დაწერა, რომ ბოლო დღეებში, ოპოზიციის და მათი მხარდამჭერი საზოგადოების მხრიდან, გააქტიურდა საშიში პიარ-კამპანია აფხაზებსა და ქართველებს შორის სიძულვილის გაღვივების მიზნით.
"ხელისუფლება კი 11 წელია ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღგდგენის კუთხით, ერთმანეთთან მისასვლელ მშვიდობიან გზებს ვეძებთ. ვმუშაობთ თითქმის ყველა მიმართულებით, რათა შევძლოთ მშვიდობით დავიბრუნოთ ერთმანეთი. ეს კი, როგორც ჩანს, ოპოზიციის და მათი უცხოელი მხარდამჭერების ინტერესებში არ შედის. ამიტომ გამოიყვანეს წინა ხაზზე ახალგაზრდები, რომლებიც მხოლოდ სიძულვილს და მტრობას სთესავენ ჩვენს შორის".- დაწერა ხუნდაძემ.