კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს და კომპანია „ჯეოსელის" მხარდაჭერით საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში ნინო რამიშვილის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა - "ქართული ქორეოგრაფია" მიმდინარეობს.
პირველად საქართველოში ქართული ქორეოგრაფიის ამსახველი უნიკალური მასალა გამოიფენილია ხელოვნების სასახლეში, სადაც მისი ნახვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
გამოფენაზე წარმოდგენილია იქნება ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის ექსკლუზიური კოსტიუმები, რომლებიც შეკერილია იმ დროინდელი საუკეთესო დიზაინერების მიერ (Iv Sen-Loran, Coco Chanel, Gianni Versace..) და გამოყენებულია ძვირფასი ქვები. აქვე დამთვალიერებელს შეუძლია იხილოს ნინო რამიშვილის დაღესტნური ოქრო-ვერცხლის ქამარი. სუხიშვილი - რამიშვილის მოღვაწეობის ამსახველი ფოტოები, აფიშები. საგამოფენო დარბაზში დამონტაჟებულ მონიტორზე შესაძლებელია ფილმს - "მსოფლიო ტაშს უკრავს" ნახვაც.
ასევე გამოფენილია ლადო გუდიაშვილის, სოლიკო ვირსალაძის, ირაკლი თოიძის, ირაკლი გამრეკელის ესკიზები და ფერწერული ტილოები ქართული ცეკვებისათვის. ქართული ცეკვის ამსახველი XVI-XVII საუკუნეების ფრესკების ასლები, (XIX - XX) საუკუნის ფოტომასალა და სხვა უნიკალური ექსპონატი.