ყველას მოვუწოდებ ერთობისკენ. „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს მაღალი ლეგიტიმაციით არჩეული თავმჯდომარე, რომელმაც პირველ ტურში გაიმარჯვა, ამიტომ მივმართავ ყველას, უბრალოდ შეეგუონ იმ შედეგებს, რომლებიც დააყენა ამომრჩეველმა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მან კომენტარი გააკეთა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ახალი ოფისი გახსნა, სადაც პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.
„ყველას მოვუწოდებ ერთობისკენ. „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს მაღალი ლეგიტიმაციით არჩეული თავმჯდომარე, რომელმაც პირველ ტურში გაიმარჯვა, ამიტომ მივმართავ ყველას, უბრალოდ შეეგუონ იმ შედეგებს, რომლებიც დააყენა ამომრჩეველმა, ამიტომ მნიშვნელოვანია ერთობა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. რამე პოლიტიკის წარმოება, პარტიული პოლიტიკის წარმოება შესაძლებელია მხოლოდ იმ მმართველი რგოლიდან, რომელიც ლეგიტიმურად არჩეულია და როცა კონკრეტული ადამიანები, პირადი, სუბიექტური მოსაზრებიდან გამომდინარე, რამე ოფისებს იღებენ, მათ შეუძლიათ, ჰქონდეთ საკუთარი პარტიაც და საკუთარი პოლიტიკაც განსაზღვრონ“, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.
მისი თქმით, თუ ვინმეს საკუთარი პარტია სურს, ეს მისი საქმე და კონსტიტუციური უფლებაა.
„ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი ქვეყნის მტერი, ლევან ხაბეიშვილი ვერ იქნება ჩვენი მტერი და ლევან ხაბეიშვილთან ბრძოლა ვერ იქნება რამე პრიორიტეტი ქართველი ხალხისთვის. ეს არავისთვის ჩაითვლება სერიოზულ მოქმედებად. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, რომ ძალა ერთობაშია. ყველას შეუძლია, პარტიაში მოვიდეს და, შესაბამისად, თუ ვინმეს საკუთარი პარტია სურს, ეს მისი საქმეა, ეს არ არის ჩემი საქმე. ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.