დღეს, 21 ნოემბერს, 12:00 საათზე აკაკი წერეთლის ძეგლთან კონსერვატიული პარტიის დედაქალაქის საქმეთა მდივნის ლაშა ჩხარტიშვილისა და გარემოვაჭრეთა დამოუკიდებელი პროფკავშირის წარმომადგენლებმა გამართეს ბრიფინგი "გარე ვაჭრობის შესახებ" ლაშა ჩხარტიშვილის მიერ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, ასევე დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება მის მხარდასაჭერად.
„ყველასათვის კარგადაა ცნობილია, რომ დღესდღეობით საქართველოს მოსახლეობის ძირითადი ნაწილი უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფება. ეს კი თავის მხრივ დასაქმების უაღრესად დაბალი დონითაა გამოწვეული, რაც ხელისუფლების მიერ გატარებული არასწორი ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის შედეგია. ამ რეალობაში სოციალურად დაუცველ პირთათვის გარე ვაჭრობის განხორციელბის აკრძალვა ყოვლად დაუშვებელ ქმედებად მიგვაჩნია.
კანონპროექტი "გარე ვაჭრობის შესახებ" მიზნად ისახავს ერთის მხრივ გარევაჭრობის ლეგალიზაციას - მის კანონიერ საქმიანობად ცნობას, ხოლო მეორეს მხრივ გარე ვაჭრობის განხორციელების წესების დადგენას.
აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში მიღწეული იქნება რამოდენიმე მნიშვნელოვანი მიზანი, მათ შორის: ათიათასობით გარე ვაჭრობით დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს შეუნარჩუნდება საარსებო წყარო, ასევე გაუმჯობესდება საქართველოს ქალაქების იერსახე და მათი სანიტარული მდგომარეობა.
დღეს კონსერვატიული პარტიისა და გარემოვაჭრეთა დამოუკიდებელი პროფკავშირის ინიციატივით იწყება "გარე ვაჭრობის შესახებ" კანონპროექტის მხარდამჭერი ხელმოწერების შეგროვება.
საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად სულ შეგროვებულ იქნება 30 000 ხელმოწერა, რომლებიც შემდგომში "გარევაჭრობის შესახებ" კანონპროექტთან ერთად წარდგენილ იქნება საქართველოს პარლამენტში, მისი მიღების მოთხოვნით.
"გარე ვაჭრობის შესახებ" კანონპროექტის მიღებამდე ჩვენ მოვითხოვთ დაცულ იქნას საქართველოში გარევაჭრობით დაკავებული ყველა პირის უსაფრთხოება და მათ მიეცეთ საშუალება კვლავ გააგრძელონ გარევაჭრობა (დღეისათვის დამკვიდრებული ფორმით). ეს აუცილებელია რათა მათ შეეძლოთ საკუთარი ოჯახებისათვის ელემენტარული, საარსებოდ აუცილებელი სახსრების მოპოვება.