რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, ეს არის მხოლოდ სიმბოლური პოლიტიკური განაცხადი და მეტი არაფერი. ატყუებდნენ საზოგადოებას, თითქოს ამასთან იყო დაკავშირებული ქვეყნის აყვავება, ფინანსური ბენეფიტები, სარგებელი, ეკონომიკური ზრდა და ა.შ., რაც ტყუილია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში გააგრძელებს ყველა ზომის მიღებას, რათა განხორციელდეს ინტეგრაცია ევროპულ სტრუქტურებში.
„ჩვენ, ასეც და ისეც, ყველა შემთხვევაში გავაგრძელებთ ყველა ზომის მიღებას, რათა განხორციელდეს ინტეგრაცია ევროპულ სტრუქტურებში. რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, ეს არის მხოლოდ სიმბოლური პოლიტიკური განაცხადი და მეტი არაფერი. ატყუებდნენ საზოგადოებას, თითქოს ამასთან იყო დაკავშირებული ქვეყნის აყვავება, ფინანსური ბენეფიტები, სარგებელი, ეკონომიკური ზრდა და ა.შ., რაც ტყუილია. მარტივად რომ შევადაროთ საქართველო მოლდოვას, შარშანდელი მონაცემებით და წლევანდელი პროგნოზით, მარტო ამ ორ წელიწადში, შარშან და წელს დაახლოებით 7-8 მილიარდი დოლარით ვზრდით სხვაობას მოლდოვის და საქართველოს ეკონომიკებს შორის. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ორი წლის განმავლობაში ბიუჯეტებს შორის სხვაობა დაახლოებით ორი მილიარდი დოლარით გაიზრდება. რაც შეეხება ფინანსურ დახმარებას, რომელსაც, მაგალითად, მოლდოვა ყოველწლიურად იღებს ევროკავშირისგან, არის დაახლოებით ასი მილიონი დოლარი“, – განაცხადა კობახიძემ.