პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განაცხადებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეა არ მოსწონს.
მისივე თქმით, ასევე მართებულად არ მიაჩნია, რომ პარლამენტში რიგგარეშე სხდომა მოიწვიონ.
„რაიმე სასანქციო პირობა თუ არსებობს, რა თქმა უნდა, ამის თაობაზე საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია. საკმარისი არ იქნება მშრალად მითითება და მხოლოდ ღია წყაროების ინფორმაცია, სადაც, მაგალითად, ვისმენთ არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკას ცალკეული მოსამართლეების მიმართ ან პრობლემების შესახებ, რომლებიც, შესაძლოა, არსებობდეს სასამართლო ხელისუფლებაში. ჩვენი საზოგადოება უფლებამოსილია, ღირსია, გაიგოს, რა იყო ამ გადაწყვეტილების მიზეზი და წინაპირობა.
რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის შექმნას, სიმართლე გითხრათ, ეს აზრი არ მომწონს. ალბათ პარლამენტი არ არის ადგილი, სადაც სასამართლო ხელისუფლების თანამდებობის პირების ქმედებაზე, კანონიერებაზე უნდა იმსჯელოს და რეაგირება მოახდინოს. ეს მხოლოდ დააკნინებს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის პრინციპს. ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, მნიშვნელოვანია, სასამართლო ხელისუფლება სხვა ხელისუფლებებისგან დამოუკიდებელი იყოს. ეს დემოკრატიული სახელმწიფოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მართებულად არ მიმაჩნია, მოწვეული იყოს რიგგარეშე სხდომა. ჩემი პოზიციაა, პრეზიდენტმა სხდომა არ მოიწვიოს. ეს უნდა გავითავისოთ სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის დასაცავად. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტმა ეს არ უნდა გააკეთოს. უნდა აიხსნას მიზეზი, რატომ იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული.
უამრავი პასუხგაუცემელი კითხვაა საზოგადოებაში. თუ კანონისმიერი მოვალეობაა ამერიკაში, ვინც სასამართლოში არ მოსწონთ, მის მიმართ სანქციები გატარდეს, რატომ არ იყო მიღებული იგივე გადაწყვეტილება 2012 წლამდე სასამართლოში? მთელი ევროპა შეთანხმებულია, რომ სასამართლო იმ დროს გაცილებით უარესი იყო, ვიდრე დღეს არის. აქედან გამომდინარე, კითხვები იბადება, მათ შორის იმაზე, რომ ვალერი ცერცვაძე ექვსი წელია, მოსამართლე არ არის და ახლა რატომ გახდა ამ გადაწყვეტილების მიღების საჭიროება? ამ კითხვებზე ქართული საზოგადოება პასუხებს იმსახურებს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.