ლაზარე იცავდა საქართველოს კონსტიტუციას! დასასჯელია ყველა, ვინც კონსტიტუცია, ქართველი ხალხის ნება ფეხქვეშ გათელა და რუსულ კანონს ხელი მოაწერა, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა საპროტესტო აქციების მონაწილის ლაზარე გრიგორიადისის დაკავების შესახებ საუბრისას განაცხადა.
„ლაზარე იცავდა საქართველოს კონსტიტუციას! დასასჯელია ყველა, ვინც კონსტიტუცია, ქართველი ხალხის ნება ფეხქვეშ გათელა და რუსულ კანონს ხელი მოაწერა, სამშობლოს გამყიდველი და კრიმინალია ბიძინა ივანიშვილი - „რუსული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები.
„რუსული ოცნება“ ცდილობს, 9 აპრილის აქციის წინ, დაგვაშინოს და ძალის დემონსტრირებას ახდენს. რუსული ოცნება აჩვენებს კრემლს, რომ ყველას დასჯის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, ვინც კრემლის, პუტინის პოლიტიკის წინააღმდეგია საქართველოში.
არ გვაქვს არანაირი უფლება დაყოფის, გათითოკაცებისა და დაქსაქსვის! ძალა ხალხშია, ძალა ერთობაშია - 9 აპრილს 17:00 საათზე შევიკრიბოთ ყველა! დავიცვათ, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები და არ დავუშვათ ლაზარესა და ახალგაზრდების რეპრესიები“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
21 წლის ლაზარე გრიგორიადისს საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. შემდეგი სხდომა 1-ლ მაისს ჩაინიშნა.
პოლიციამ გრიგორიადისი 29 მარტს დააკავა. პროკურატურის მტკიცებით, 7 მარტს დაახლოებით 23:15 საათზე, შოთა რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, გრიგორიადისმა 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი.
უწყება დაკავებულს ასევე ედავება, რომ მან 9 მარტს, ღამის საათებში ჭანტურიას ქუჩაზე განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ტოიოტა კოროლას მოდელის ავტომანქანას.
გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.