ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ახალგაზრდა დემონსტრანტის, ლაზარე გრიგორიადისის დაკავებას ეხმიანება.
როგორც გიგა ბოკერია აღნიშნავს, ამ ახალგაზრდის დაკავება ავტომატურად მინიმუმ შერჩევითი სამართალია იმ რეჟიმისგან, რომელიც პუტინისტური ძალადობის ორგანიზატორებს არ სჯის და პუტინისტ მოძალადეებს, რომელიც პოლიციას ქვებს ესვრის ხოლმე, უბრალოდ აჯარიმებს.
მისი თქმით, ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებამ სულ სხვა ხარისხში აიყვანა ეს ყველაფერი და აშკარაა, რომ ყოველგვარი მტკიცებულებების გასაჯაროვების გარეშე დაკავებული შეირჩა იმ ნიშნით, რომ ჩათვალეს, მისი დემონიზება ადვილი იქნებოდა.
„აი ამ ამაზრზენ მეთოდს ხმარობენ, ამის პირდაპირი დასტურია ამ სამარცხვინო ადამიანის, კობახიძის სამარცხვინო განცხადება“ თქვა ბოკერიამ.