დღეს, 11 დეკემბერს, ჟული ბერტუჩელის სურათით "ხე" მე-11 საერთაშორისო კინოფესტივალი "პრომეთე" დაიხურება.
ფესტივალი 6 დეკემბერს თბილისში, კინოთეატრ "ამირანში", საზეიმოდ გაიხსნა რეჟისორ ოთარ იოსელიანის ფილმით - "შანტრაპა".
ფესტივალზე წარმოდგენილი იყო 100-მდე მხატვრული, მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმის ჩვენება 19 ქვეყნიდან.
საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იყო რეჟისორების პირველი ან მეორე ფილმები ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, საქართველო, გერმანია, თურქეთი, რუსეთი, ესპანეთი, სერბეთი და აზერბაიჯანი. მათ შორის რამდენიმე ფილმმა უკვე სერიოზული აღიარება მოიპოვა მსოფლიოს წამყვან კინოფესტივალებზე.
საქართველო საერთაშორისო კონკურსზე წარადგინა რუსუდან პირველის სადებიუტო ნამუშევარმა "სუსა".
საერთაშორისო ჟიურის შემადგენლობაში შედიან: თავმჯდომარე - ჟელიმირ ჟილნიკი (ბერლინის ფესტივალის ორგზის გამარჯვებული რეჟისორი, სერბეთი). წევრები: ჰანა მახმალბაფი (რეჟისორი, ირანი), მარიამ დე აბო (მსახიობი, დიდი ბრიტანეთი), ნანა ჯორჯაძე (რეჟისორი, საქართველო) და ელენა ხაზანოვი (რეჟისორი, სცენარისტი, რუსეთი-შვეიცარია).
ჟიური საკონკურსო ფილმებს შეაფასებს ორ ნომინაციაში - საუკეთესო ფილმი და საუკეთესო რეჟისორი. შესაბამისად, გაიცემა ორი პრიზი - ოქროს და ვერცხლის პრომეთე, რომელიც ცნობილმა ხელოვანმა, თამარ კვესიტაძემ სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნა.
ჟიური ასევე დააჯილოდებს ერთ გამორჩეულ ფილმს ფარაჯანოვის სახელობის პრიზით ინოვაციური კინოენის ძიებისთვის (პრიზი დააწესა ხელოვნებისა და კულტურათაშორისი დიალოგის საერთაშორისო ფონდმა).
ფესტივალი წელს გამოჩენილი ქართველი რეჟისორისა და პედაგოგის, გელა კანდელაკის 70 წლის იუბილეს აღნიშნავს. სპეციალური ჩვენება დაეთმო 1979 წელს გადაღებულ ფილმს "უბედურება".