უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეს ოლქში უკრაინელი სამხედროების პოზიციებზე იმყოფებოდა.
„ზაპოროჟიეს ოლქი. მოწინავე პოზიციები. ჩემთვის პატივია დღეს ვიმყოფებოდე აქ, ჩვენი სამხედროების გვერდით. მადლობას ვუხდი თითოეულ მეომარს უკრაინის, ჩვენი სუვერენიტეტის, ქალაქების, ჩვენი შვილების დაცვისთვის. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - ნათქვამია ზელებსკი განცხადებაში.
ამასთან, ზელენსკიმ სამხედროებს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა.
იმის მიუხედავად, რომ რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქის ფორმალური ანექსია მოახდინა, რუსი სამხედროები რეგიონის მხოლოდ 70 პროცენტს აკონტროლებენ. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიკავეს ენერგოდარი, მელიტოპოლი და ბერდიანსკი. რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრს, ქალაქ ზაპოროჟიეს უკრაინა აკონტროლებს, რომელიც ოკუპანტების მხრიდან რეგულარულად იბომბება.
ზაპოროჟიეში ზელენსკი ასევე შეხვდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელს რაფაელ გროსის. ისინი დნიპროჰესში იმყოფებოდნენ.
„დნიპროს ჰიდროელეტქროსადგური განუყოფელი ნაწილია სისტემის, რომელიც უზრუნველყოფს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ბირთვულ უსაფრთხოებას. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაჩვენა ის ზიანი, რომელიც კაშხალს ცოტა ხნის წინ მიადგა“, - წერს გროსი „ტვიტერში“.
ის, რომ გროსი მეორედ ჩავიდოდა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, რომელიც რუსეთს გასული წლის მარტის შემდეგ აქვს ოკუპირებული, ცნობილი გუშინ გახდა.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ არაერთხელ განაცხადა, რომ საჭიროა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო შეიქმნას უსაფრთხოების ზონა. თუმცა სადგური და მისი მიმდებარე ტერიტორია პერიოდულად ექცევა ცეცხლის ქვეშ, რის გამოც ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგური ითიშება გარე კვების წყაროებიდან და მუშაობის ავარიულ რეჟიმზე გადადის.

