„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ეხმიანება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებებს და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯილდომ გაანაწყენა მხოლოდ „რუსული ოცნება“ და კრემლი“.
ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ „მჩაგვრელი, მკვლელი სისტემის შემოქმედი სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებების დარგში პრიზის გადაცემა იგივეა, რომ ბრეივიკი დააჯილდოონ“, თეა წულუკიანმა კი აღნიშნულ ჯილდოს, სამარცხვინო გადაწყვეტილება უწოდა.
ლევან ხაბეიშვილის თქმით, ამ ადამიანებს არანაირი მორალური უფლება არ აქვთ ასე ისაუბრონ პრეზიდენტ სააკაშვილზე და ამ ჯილდოსთან ერთად კიდევ ბევრ ჯილდოს მიიღებს მისი გაკეთებული საქმეების გამო.
„ბარბარე რაფალიანცის, გიგა ფარტენაძის, თამარ ბაჩალიაშვილის, ლუკა სირაძის, ეროსი კიწმარიშვილის, ბესიკ ხარძიანის, შალვა თათუხაშვილის, სერგო უბილავას, ლევან კორტავას, მამუკა მიქაუტაძის, თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელები რომ საუბრობენ წამებაზე, ადამიანის უფლებებზე, ადამიანის უფლებების შელახვაზე. ამასობაში, მაჯლაჯუნა წულუკიანი, რომელიც ანადგურებს ჩვენს გელათს, რომელიც ხელს უწყობს ჯვრის მონასტრის ნგრევას, რომელიც გამორჩეულია თავისი ბოღმით, არაადამიანური დამოკიდებულებებით, მათ შორის მისივე თანამშრომლებზე და უამრავი სასამართლო პროცესი აქვს წაგებული. ამასობაში ბიძინა ივანიშვილის პირადი ჩუჩელა ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ბავშვებს მიუვარდებოდა ხოლმე სახლში მხოლოდ იმიტომ, რომ ბერას ცუდი კომენტარი დაუტოვეს და მერე ამ ბავშვების ცუდ მდგომარეობაზე ღლიცინებდა მისსავე ბატონის შვილთან, ბერასთან და ეს კაცი გვესაუბრება ადამიანის უფლებებზე და პრეზიდენტ სააკაშვილზე საუბრობს ნეგატიურ კონტექსტში, რომელსაც ნორვეგიელებმა გადასცეს დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ჯილდო, რომელიც ასევე მიღებული აქვს მაია სანდუს. ამ ადამიანებს არა თუ მორალური უფლება, არამედ პოლიტიკური უფლებაც არ აქვთ რაიმე შეფასება გაუკეთონ პრეზიდენტ სააკაშვილის გაკეთებულ საქმეებს და ყველანი კარგად ვხედავთ, რომ ეს ეწყინათ, არ მოეწონათ და გაბრაზდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და გაბრაზდებოდნენ დარწმუნებული ვარ კრემლში. ყველა დანარჩენს კი, ნორმალურად, ადეკვატურად მიაჩნიათ პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ ჯილდო. ბევრი ჯილდო მიიღო პრეზიდენტ სააკაშვილმა და კიდევ ბევრს მიიღებს დარწმუნებული ვარ“.- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.