უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ფედერაციის ტულის ოლქში ძლიერი აფეთქება მოხდა. ადგილობრივების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ღრმა ორმო ჩანს.
როგორც რუსული ტელეგრამ-არხები იუწყებიან, აფეთქება კიერიევსკში ტულიდან 35 კმ-ში მოხდა. ადგილობრივების თქმით, აფეთქების ხმა მთელს დასახლებაში, ასევე მეზობელ დასახლებულ პუნქტებში ისმოდა. ჩამსხვრეულია ახლოს მდებარე შენობების ფანჯრები.
ვრცელდება ინფორმაცია საცხოვრებელი სახლების დაზიანებისა და ორი დაშავებულის შესახებ, რომლებიც შუშების ნამსხვრევებით დაშავდნენ. ადგილობრივი ხელისუფლება მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს. მოსახლეობა ვარაუდობს, რომ აფეთქების მიზეზი შესაძლოა უპილოტო საფრენი აპარატი გამხდარიყო.
შემთხვევის ადგილიდან გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ დაზიანებულია შენობები. საცხოვრებელ სახლებს შორის რამდენიმეტრიანი სიღრმის ორმოა გაჩენილი.
ბოლო პერიოდში რუსულმა მხარემ არაერთხელ გაავრცელა იმფორმაცია დრონებით თავდასხმების შესახებ რუსეთის ტერიტორიაზე. ცოტა ხნის წინ რუსეთმა განაცხადა, რომ უპილოტო საფრენი აპარატები უტევდნენ ნავთობსადენის სადგურ „დრუჟბას“, რომელიც ბრიანსკის ოლქში მდებარეობს. ასევე, რუსული მხარის განცხადებით, დრონი თავს დაესხა ტრანსნეფტის სადგურს.