უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი დარწმუნებულია, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ახალი განცხადება ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ ქვეყნის დესტაბილიზაციას გამოიწვევს.
„პუტინის განცხადება ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ ქვეყნის დესტაბილიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია, ამ გზით ბელარუსის საზოგადოებაში რუსეთისა და პუტინის მიმართ ნეგატიური აღქმა და უარყოფა მნიშვნელოვნად გაიზრდება.
კრემლმა ბელარუსი ბირთვულ მძევლად აიყვანა“, - წერს დანილოვი.
ვლადიმირ პუტინის განცხადებით, მოსკოვი და მინსკი შეთანხმდნენ ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაზე.
პუტინის გადაწყვეტილებას პენტაგონი გამოეხმაურა. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ არ არსებობს ნიშნები, რომლებიც მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი ემზადება ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად.