მოსკოვი და მინსკი შეთანხმდნენ ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაზე. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ტელერახ „როსია-24“-თან ინტერვიუში განაცხადა.
პუტინის განმარტებით, 1-ელ ივლისს დასრულდება საცავის მშენებლობა. ის ირწმუნება, რომ იარაღს სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შეთანხმების შესახებ ვალდებულებების დარღვევის გარეშე განათავსებს.
პუტინის თქმით, ასეთი გადაწყვეტილების მიზეზეი გახდა დიდი ბრიტანეთის განცხადება უკრაინისთვის გაღარიბებული ურანის შემცველი საბრძოლო მასალის მიწოდების შესახებ.
„რაც შეეხება ჩვენს მოლაპარაკებებს ალექსანდრ ლუაშენკასთან, ამის მიზეზი გახდა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადება, რომ ისინი აპირებენ უკრაინას მიაწოდონ გაღარიბებული ურანის შემცველი ჭურვები, ეს ასე თუ ისე, დაკავშირებულია ბირთვულ ტექნოლოგიებთან.
ამ მოვლენების კონტექსტის, ამ განცხადების გარეშეც ალექსანდრ ლუკაშენკა დიდი ხანია აყენებდა საკითხს, რათა ბელარუსის ტერიტორიაზე განთავსებულიყო რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღი“, - განაცხადა პუტინმა.