„ამ ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი არიან მისი მოქალაქეები, რომლებმაც დაიცვეს ამ ქვეყნის კონსტიტუცია, ისტორია, წარსული და მომავალი თქვენგან რუსთაველზე. ამ ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი არის დასავლეთი, რომელსაც თქვენ უპირებდით რკინის ფარდით მოგეხდინათ მისი იზოლაცია“,-მიმართა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პლენარულ სხდომაზე, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ.
ანა ნაცვლიშვილის თქმით, სახელმწიფოს უსაფრთხოების შესახებ დასმულ შეკითხვებზე პასუხები არ მოუსმენიათ. მისივე თქმით, ისტორია ყველაფერს ტავის სახელს დაარქმევს და მანამდე, საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაცვას ქართველი ხალხი გააგრძელებს.
„ჩვენ ვსვამდით შეკითხვებს და გესაუბრებოდით სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე და პასუხები იყო საკუთარი სკამის უსაფრთხოებაზე. ეს არის პრიორიტეტები.
ამ ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი არის ამ ქვეყნის ისტორიის ცოდნა, იმ ისტორიის, რომელიც ინახავს ძალიან ბევრ სახელს და ინახავს ისეთი ადამიანების სახელს, როგორიც იყო, მაგალითად მარო მაყაშვილი, მაგრამ ინახავს ისეთის სახელებსაც, როგორიც იყო ყორღანაშვილი. თქვენი ადგილი იქნება ყორღანაშვილების გვერდით. ეს უკვე გარანტირებული გაქვთ, ეს უკვე შემდგარი ფაქტია
ამ ქვეყნად არსებობს სამართლიანობა და არსებობს ისტორიის ეთიკა, რომელსაც ვერ გაექცევით და ამ ისტორიის ეთიკა იქნება როდესაც საკუთარი შვილები და შვილიშვილები მოგთხოვენ პასუხს რას აფუჭებდით და რატომ ამ ქვეყნის გასაბჭოებისთვის. მანამდე ხალხმა უკვე მოგიჩინათ ეს ადგილი და ეს ხალხი გააგრძელებს საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაცვას ძალიან მედგრად და თამამად“,-განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.