ვხედავდი, რომ ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები, საზოგადოების დიდი ნაწილი ძალიან ნეგატიურად უყურებდა ამ ყველაფერს [აგენტების შესახებ კანონის მიღებას], ეს იყო ამ გადაწყვეტილების საფუძველი, – ასე განმარტა ქართული ოცნების დეპუტატმა, დავით სერგეენკომ თავისი გადაწყვეტილება ტვ პირველთან ინტერვიუში, თუ რატომ არ დაესწრო კენჭისყრას უცხოთის აგენტების შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებისას.
"ვხედავდი, რომ ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები, საზოგადოების დიდი ნაწილი ძალიან ნეგატიურად უყურებდა ამ ყველაფერს [აგენტების შესახებ კანონის მიღებას]. ვერ გეტყვით, რომ დეტალებში შევედი და გავაანალიზე ეს კანონპროექტი, არ მაქვს მაგის კომპეტენცია, მაგრამ ვხედავდი ამ დამოკიდებულებას და ალბათ, ეს იყო გადაწყვეტილების [კენჭისყრაზე არდასწრების] საფუძველი". – თქვა სერგეენკომ.
მისი თქმით, ამჟამად მიმდინარეობს განხილვა, დარჩება თუ არა დეპუტატის პოსტზე, მისივე თქმით, მე-10 მოწვევის პარლამენტი მისთვის ბოლო საჯარო სამსახური იქნება.
"არ არის პოლიტიკოსობა ის, რაზეც მე ვოცნებობდი. მირჩევნია, ექიმად ვიმუშაო. ცალსახად, მე-10 მოწვევა არის ბოლო მოწვევა, როცა მე პარლამენტში, საჯარო სამსახურში და პოლიტიკაში ვარ", – განაცხადა დეპუტატმა.