„სისტემა და სასამართლო კლანი აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ სისტემას ამხელს, უბრალოდ დასაჯოს ისე, რომ შემდეგ ვერავინ ვეღარ გაბედოს სისტემის მხილება მეორედ“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე.
„მე მინდა საზოგადოებას მოვუყვე და ვაცნობო წარმოუდგენელი უსამართლობის შესახებ, რომელსაც ადგილი ჰქონდა გუშინ, საქალაქო სასამართლოში, როდესაც 6 წელი მიუსაჯა მოსამართლე ჩხიკვაძემ და აღსანიშნავია, რომ ეს არის ნიკა გვარამიას მოსამართლე, რომელიც იხილავდა მის საქმეს. ახალგაზრდა ქალს, ყოფილ პოლიციელს, რომელმაც 2020 წელს სისტემის მხილება სცადა და საჯაროდ ისაუბრა მის სამუშაო ადგილას, „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“ შესაძლო დანაშაულებზე, ამ განცხადებების შემდეგ, დაიწყეს ნატალია ზარდიაშვილის დევნა, ეს არის ის ახალგაზრდა ქალი, ორი შვილის დედა, რომელიც გუშინ ასე სამაგალითოდ დასაჯა მოსამართლე ჩხიკვაძემ და სისტემამ. მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და საქმე აღიძრა 2020 წლის ივლისში, მაშინ, როდესაც აღნიშნულ ინციდენტს, რომელსაც პროკურატურა ედავება ნატალია ზარდიაშვილს, ადგილი ჰქონდა თებერვალში. მას შემდეგ, რაც ამ ახალგაზრდა ქალმა, ყოფილმა პოლიციელმა სისტემის მხილება გადაწყვიტა, მას დაუპირისპირდა მთელი ბიუროკრატიული მანქანა და 3 წლის განმავლობაში სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული, ამ პერიოდის განმავლობაში ნატალია იყო გარეთ, თავისუფლებაზე შეფარდებული გირაოს სანაცვლოდ და მხოლოდ 3 წლის შემდეგ, მას თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მოსამართლე ჩხიკვაძემ. ე.ი. 3 წლის შემდეგ გადაწყვიტა სასამართლომ, ყოველგვარი მსჯელობის გარეშე, რომ იგი საშიშია საზოგადოებისთვის მაშინ, როდესაც მტკიცებულებები ამბობს საპირისპიროს. ნატალია ზარდიაშვილმა გამოიყენა მხოლოდ პროპორციული ძალა და დაატოვებინა ადგილი იმ ადამიანს, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა მის სამუშაო ადგილას. მათ შორის ეს ბენეფიციარი, რომლის ჩვენების საფუძველზეც შექმნა პროკურატურამ აღნიშნული საქმე, 6 თვის შემდეგ, ამტკიცებდა, რომ ინციდენტის დროს მის მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენებით, ნატალია ზარდიაშვილმა გადაამეტა უფლებამოსილებას, რითაც შელახა მისი ღირსება. ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერი ხელში ჩაუვარდა „პოს ტვ“-ის და სწორედ მათი გამოქვეყნების შემდეგ, სამთავრობო პროპაგანდით დაიწყო ამ ადამიანის დევნა.
მე მინდა ვთქვა, რომ მაშინ, როდესაც პოლიციელთა გარკვეული ნაწილი ყოველდღიურად არღვევს არა მხოლოდ საკუთარ უფლებამოსილებას, არამედ ყველამ იხილა კადრები, როდესაც 5 თუ 6 პოლიციელი ურტყამს გამეტებით ერთ ახალგაზრდას, რომელიც პროტესტის მონაწილეა და შემდეგ შსს ამბობს, რომ ამ ადამიანების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. მაშინ, როდესაც ფიზიკური ძალადობისთვის არ დასჯილა არც ერთი სამართალდამცავი და არ დასჯილან ის ადამიანები, რომლებსაც ახლო და მჭიდრო ურთიერთობა აქვთ „ქართულ ოცნებასთან“, გავიხსენოთ ყველამ ფარცხალაძის საქმე, რომელიც 5000 ლარიანი გირაოთი გამოუშვეს, მაშინ, როდესაც სასტიკი დარბევა ხდება პოლიციელების მიერ ადამიანების მიმართ, ეს იქნება თვალების გამოთხრა, ფიზიკური ძალადობა და ა.შ. მთელი სისტემა თავისი სასამართლოს მეშვეობით დაუპირისპირდა ამ ახალგაზრდა ქალს და 6 წლით გაუშვა ციხეში, 2 არასრულწლოვანი შვილის დედა, რომელიც ასრულებდა მხოლოდ თავის მოვალეობას.
ეს უნდა გახდეს ბევრი ადამიანისთვის ძალიან ემოციური უსამართლობის მაგალითი. ახალგაზრდა, გამბედავი ყოფილი პოლიციელი ქალის დაცვა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე გუშინ ვესაუბრე სახალხო დამცველს, ვესაუბრე ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაციებს. მას არ ჰყავს გავლენიანი მეგობრები, ჰყავს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი შვილები, რომელთანაც დააშორეს. ამ ადამიანის დაცვა არის მნიშვნელოვანი და ყველას მინდა ვთხოვო მისი თანადგომა. სისტემა და სასამართლო კლანი, რომელიც არის წარმოუდგენელი ბოროტება, აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ სისტემას ამხელს, უბრალოდ დასაჯოს ისე, რომ შემდეგ ვერავინ ვეღარ გაბედოს სისტემის მხილება მეორედ. კლანი, რომელიც არის სასამართლოში, უნდა დაინგრეს, საქართველო ვერ იქნება ევროპის ნაწილი თუ ეს არსებული სამართლებრივი სისტემა არ შეიცვლება,“ - განაცხადა დეკანოიძემ.