"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, გიგა ბოკერია FACEBOOK-პოსტში ეხმიანება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შეთავაზებას ოპოზიციური პარტიების საბჭოს შექმნის შესახებ.
ბოკერია ფიქრობს, რომ რაღაც ერთიანი სტრუქტურის და საბჭოს შექმნა საჭირო არაა, თუმცა მიიჩნევს, რომ ოპოზიცია მთავარ გზავნილებზე უნდა შეჯერდეს.
"ევროპული საქართველოს მოწოდება და მოსაზრება ასეთია- ამ პროტესტმა გვაჩვენა- როდესაც მკაფიო გზავნილები ჰქონდა არამხოლოდ ოპოზიციურ სპექტრს, არამედ საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებს, ეს გახდა წარმატების საფუძველი - დიდი გამარჯვებისთვის ამის შენარჩუნება გვჭირდება.
თუმცა, ვხედავთ, ეს ასე აღარ არის . არამგონია საჭირო იყოს რაღაც სტრუქტურა და საბჭოს შექმნა ( როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა შემოგვთავაზა ), მაგრამ მთავარ გზავნილებზე შეჯერება, მაგალითად იმაზე, რომ დასავლეთისკენ სვლა, ჩვენი ისტორიული ამოცანის შესრულება და ეს მთავრობა შეუთავსებელია - აუცილებელი მგონია. არ არსებობს ამის გვერდის ავლის გზები. როგორც დღეს ამას საპარლამენტო ოპოზიცია, ნაცმოძრაობა და ე.წ. სამეული ისევ გვთავაზობს.ამოცანად უნდა დავისახოთ ამ ხელისუფლების დემოკრატიულად შეცვლა და არა მისი “ იძულება” რომ რეფორმები გაატაროს. შეუძლებელია პუტინისტური სულისკვეთების რეჟიმი “ აიძულო” იქცეს პროდასავლურად და ქვეყანა ნატოში შეიყვანოს ან ევროკავშირს რეალურად დაგვაახლოვოს, ქვეყანა რეალურად გარდაქმნას"- წერს ბოკერია.