უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორთა საინიციატივო ჯგუფის განცხადებით, დღეს 19 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართება.
„ქართულ ოცნებას“ არ ეგონოს, რომ საქმე აქვთ მარტივად, დღეს აუცილებლად იქნება აქცია, რომელიც იქნება საშუალება ერთის მხრივ ვიამაყოთ ერთმანეთით, ვიამაყოთ ჩვენი გაკეთებულით, ვიამაყოთ იმით, რომ პრორუსულ ძალას ვაიძულეთ გადაედგათ ეს ნაბიჯი და გარდა ამისა, გარანტია მოვიპოვოთ იმის, რომ თავისუფლები იქნებიან ჩვენი მეგობრები და კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ, რომ ჩვენ მთელი ამ პროცესის განმავლობაში, სანამ საქართველო არ დადგება პროდასავლურ კურსზე გარანტირებულად, არ შეწყდება აქ პროცესები. ეს პროცესები როგორი იქნება, ამას ეტაპ-ეტაპ გავიგებთ, მათ შორის ჩვენც გვჭირდება ახლა მეტი კომუნიკაცია, მეტი ფიქრი და საუბარი, არ ვაპირებთ რაღაცები მოვიტყუოთ, ვიბაქიბუქოთ, მთავარი არის ახლა ვიყოთ გულწრფელები, მთავარი არის ვიცოდეთ რას მივაღწიეთ და რა გვაქვს მისაღწევი“, – განაცხადა „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრმა, ცოტნე კობერიძემ.
"დროას" წევრი, გიგა ლემონჯავას განცხადებით, "ქართული ოცნება" მატყუარა რუსების გუნდია, რომელმაც ხალხი არაერთხელ მოატყუა, მათ შორის, 20 ივნისს, პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით, შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით:
„ქართული ოცნება“ არის მატყუარების გუნდი, რომელმაც ჩვენ არაერთხელ მოგვატყუა, მოგვატყუა 20 ივნისს, პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით, შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი არ იცნობს პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის უკან გახმობის სამართლებრივ პროცედურას, ერთადერთი გზა, რომ ჩვენ დავიჯეროთ „ქართული ოცნების“ არის შემდეგი, გამოიხმონ ვენეციის კომისიაში გაგზავნილი „რუსული კანონის “ორივე ვერსია, დააყენონ კენჭისყრაზე ორივე კანონი და ჩააგდონ! – ამ შემთხვევაში ჩვენ ჩავთვლით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა ამ კანონზე, სანამ ეს არ მოხდება ჩვენ ვაგრძელებთ წინააღმდეგობას და პროტესტს. მეორე საკითხი: გუშინ და გუშინწინ უკანონოდ დაკავებული ჩვენი მეგობრები ჯერ კიდევ რჩებიან საპყრობილეებში ტყვეებად, სანამ ისინი არ გათავისუფლდებიან ჩვენ არ შევწყვეტთ პროტესტს. გელოდებით ყველას პარლამენტთან 19:00-ზე, რადგან ჯერ არაფერი დასრულებულა“, 0 განაცხადა ლემონჯავამ.