დღეს, 10 დეკემბერს, ნეკრესობამდე 2 დღით ადრე, ნეკრესის სამონასტრო კომპლექსს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი მოინახულებენ.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული უწყვეტი სამწლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოს შედეგად, კახეთის ერთ-ერთ უდიდეს სამონასტრო კომპლექსს პირვანდლი სახე დაუბრუნდა. ნეკრესის არქიტექტურულ ანსამბლში, რომელიც სხვადასხვა პერიოდის (IV-XVII სს) ნაგებობებს აერთიანებს, გუმბათოვან ეკლესიასთან, ორ მცირე და სამეკლესიან ბაზილიკასთან ერთად, ნეკრესელის სასახლე, კოშკი-სამრეკლო, სატრაპეზო, საწნახელი საცხოვრებელი ოთახი და ორი მარანი სრულად აღდგენილია.
2008 წლიდან 2010 წლამდე ნეკრესის არქიტექტურული კომპლექსის რეაბილიტაცია მოიცავდა რამდენიმე ეტაპს, დაწყებული ძეგლის კვლევითი დიაგნოსტიკური სამუშაოდან, რომელიც საფუძვლად დაედო ნეკრესის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენას და შედეგად მონასტრის სრულ ფიზიკურ გაჯანსაღებას.
ნეკრესის ტერიტორიაზე ჩატარებული კვლევითი-არქეოლოგიური სამუშაოსას გამოვლინდა XII საუკუნის ტერასები და ამავე პერიოდის ორრეზერვუარიანი წყარო, რომელიც დაკონსერვებულია და ნეკრესის ერთ-ერთ საინტერესო სანახაობას წარმოადგენს.
ძეგლთა დაცვითი სამუშაოს პარალელურად ნეკრესის სამონასტრო კომპლექსსში მოწყობილია ტურისტული ბილიკები და ინფრასტრუქტურა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ კი განხორციელებული და დასრულებულია ნეკრესის მონასტრამდე მისასვლელი გზის მშენებლობა.