ხვალ, 10 დეკემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით "თიანეპტინის" შემცველი მედიკამენტების საბაზრო ბრუნვიდან ამოღების შესახებ კანონპროექტს განიხილავენ. ამ პრეპარატის ურეცეპტოდ გაყიდვა მომავალი წლიდან აიკრძალება.
აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის "ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ" კანონში.
კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის, ლაშა თორდიას განცხადებით, "თიანეპტინის" შემცველი მედიკამენტების, კერძოდ კი "კოაქსილის" და "სტაბლონის" გამოყენება ხშირად არასწორი მიზნებისთვის ხდება და მას, როგორც ნარკოტიკულ ნივთიერებას, ისე იყენებენ.
"კოაქსილის და სტაბლონის ნარკოტიკული ნივთიერებად გამოყენება ადამიანის ჯანმრთელობას დიდ ზიანს აყენებს, ხდება კანის დანეკროზება და ვითარდება კიდურების განგრინა, ასევე იწვევს სეფსისს, ტოქსიკურ ენცეფალოპათიას და სხვა. ამის გათვალისწინებით კი, "თიანეპტინის" შემცველი მედიკამენტები ბრუნვიდან მთლიანად ამოღება და მხოლოდ ექიმის რეცეპტით გაყიდვა იქნება შესაძლებელი", - აღნიშნა თორდიამ.
"თიანეპტინის" შემცველი მედიკამენტები სწრაფად იწვევს შეჩვევას, რის გამოც თავდაპირველად პრეპარატს დღეში 5-10 აბს ღებულობენ, ხოლო დაახლებით ერთი თვის განმავლობაში მისი მოხმარებიდან რაოდენობა 30-იდან 100 აბამდე იზრდება, რაც იწვევს მომხმარებლის ფსიქიკურ და ფიზიკურ დამოკიდებულებას.
პრეპარატი "კოაქსილი" კი ფართოდ გამოყენება რუსეთში, უკრაინაში და საქართველოში.
ბოლო დროს ნარკოლოგიურ კლინიკებში მედიკამენტზე მოთხოვნილება არასამედიცინო მიზნით გამოყენების თვალსაზრისით განსაკუთრებით გაიზარდა.