"საპარლამენტო უმრავლესობა ლევან იოსელიანის კანდიდატურას ხვალ მხარს დაუჭერს სრული შემადგენლობით", - ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„იყო დისკუსია ამასთან დაკავშირებით, თუმცა, საკითხი მალევე გადავწყვიტეთ. იოსელიანის კანდიდატურასთან დაკავშირებით უარყოფით კონტექსტში მხოლოდ ორი არგუმენტი იყო წარმოდგენილი, რომ პოლიტიკურად მიკერძოებული ადამიანი არ და ვერ უნდა იყოს კანდიდატი და აგრეთვე გაიხსენეს მის მიერ წარსულში გაკეთებული რამდენიმე განცხადება. ვფიქრობთ ყველა ერთად, რომ ეს არგუმენტები არ არის საკმარისი, რომ მის კანდიდატურაზე უარი ვთქვათ.
საპარლამენტო უმრავლესობა ლევან იოსელიანის კანდიდატურას სრული შემადგენლობით დაუჭერს მხარს. მის პიროვნებასთან, მის პროფესიონალიზმთან დაკავშირებით კითხვები არავის ჰქონია, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შესრულდეს ევრორეკომენდაციის ის პუნქტი, რომელიც სახალხო დამცველის არჩევას შეეხება. ამ ყველაზე წონადი არგუმენტის, ასევე მისი პიროვნული თვისებების, პროფესიონალიზმისა და მისი განვლილი ცხოვრების გამო, საპარლამენტო უმრავლესობა მას ნდობას გამოუცხადებს, - თქვა მდინარაძემ.