თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ბოიკოტს უცხადებენ დეპუტატ ლექტორს, ნიკოლოზ სამხარაძეს. ამის მიზეზი მისი მხრიდან "უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ" "ხალხის ძალის" მიერ წარდგენილი კანონპროექტის მხარდაჭერაა.
"დღეს, ჩვენს პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილებოდა კანონპროექტი, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ეროვნულ ინტერესებს და ძირს უთხრის ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს.
ამ შეხვედრას თავმჯდომარეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი ნიკოლოზ სამხარაძე. კანონპროექტის თაობაზე მისი მხარდამჭერი პოზიციიდან გამომდინარე, ჩვენთვის მიუღებელია, დავესწროთ მის სალექციო კურსს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის შესახებ.
აქედან გამომდინარე, ჩვენ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტები, უარს ვამბობთ ბატონი ნიკოლოზ სამხარაძის სალექციო კურსის გავლაზე და ვუერთდებით ამავე მიმართულების კურსდამთავრებულების კრიტიკულ პოზიციას" - ნათქვამია განცხადებაში,
სტუდენტების თქმით, აპირებენ სტუდენტური მოძრაობის შექმნას, რომლის მიზანიც იქნება ხელი შეუშალოს ამ კანონის მიღებას.
"მოვუწოდებთ ყველა უნივერსიტეტის სტუდენტს, შემოგვიერთდნენ დასავლური ღირებულებებისთვის ბრძოლაში და არ მისცენ მთავრობას საშუალება მოგვაქციოს რუსულ ორბიტაზე" - წერენ სტუდენტები.