ბრიტანული მედიის ცნობით, ბუკინგემის სასახლემ სასექსის ჰერცოგსა და ჰერცოგინიას აცნობეს, რომ ფროგმორის რეზიდენციიდან ასახლებენ და მას პრინც ენდრიუს უთმობენ.
როგორც გამოცემა Sun იუწყება, ჰარიმ და მეგანმა მიიღეს შეტყობინება რეზიდენციის გათავისუფლების შესახებ. ბუკინგემის სასახლემ კომენტარზე უარი თქვა, და განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხი ოჯახურ წრეში მოგვარდება.
ფროგმორის კოტეჯი - ისტორიული შენობა 10 საძინებლით, უინძორის ციხესიმაგრის ტერიტრიაზე განცალკევებით დგას, ის პრინც ჰარისა და მეგანს დედოფალმა ელისაბედ მეორემ აჩუქა.
2020 წელს სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ მოიხსნეს სამეფო ოჯახის წევრების მოვალეობები და ორ შვილთან ერთად მუდმივ საცხოვრებელად კალიფორნიაში გადავიდნენ, თუმცა ფროგმორი მაინც დაიტოვეს, როგორც ბრიტანული რეზიდენცია. გასულ წელს მათ იქ ქალიშვილის დაბადების დღეც აღნიშნეს.
ფროგმორის გათავისუფლების შესახებ შეტყობინება ცოლ-ქმარს ბუკინგემის სასახლიდან ჯერ კიდევ იანვარში აცნობეს, მას შემდეგ, რაც პრინც ჰარის სკანდალური მემუარები გამოქვეყნდა.
Sun-ის ინფორმაციით, ფროგმორი ელისაბედ დედოფლის მეორე ვაჟს პრინც ენდრიუს შესთავაზეს, რომელიც ახლა მეზობლად, უინძორის პარკში ფლობს როიალ-ლოჯის რეზიდენციას, 31 საძინებლით.
პრინცი ენდრიუ სამეფო ოჯახის წევრის მოვალეობების შესრულებას 2019 წელს ამერიკელ ვირჯინია ჯუფრეზე სექსუალური ძალადობის ბრალდების ფონზე ჩამოშორდა.
პრინცი ენდრიუ კატეგორიულად უარყოფდა ბრალდებებს. გავრცელებული ცნობით, მან და ვირჯინია ჯუფრემ სასამართლოს გარეშე მიაღწიეს შეთანხმებას. შეთანხმების დოკუმენტი, რომელიც მკაცრად კონფიდენციალური იყო, აშშ-ის სასამართლოს წარედგინა.
მედია წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ შეთანხმების თანახმად, პრინცმა ენდრიუმ სოლიდური კომპენსაცია გადაუხადა ჯუფრეს, ასევე მსხვილი შენატანი გააკეთა სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა დახმარების ფონდში.
ბოლო კვირების განმავლობაში მედია იტყობინებოდა, რომ მეფე ჩარლზ მესამე აპირებს პრინც ენდრიუს მნიშვნელოვნად შეუმციროს ყოველწლიური გადასახადები, რის შედეგადაც ენდრიუ ვერ შეძლებს თავს უფლება მისცეს იცხოვროს ახლანდელ რეზიდენციაში.
Sun-ის წყაროს თქმით, იმის მიუხედავად იმისა, რომ პრინცი ენდრიუ კატეგორიულად წინააღმდეგია დატოვოს როიალ-ლოჯის რეზიდენცია, შესაძლოა ფროგმორი მისი ჯიბისთვის უფრო მომგებიანი აღმოჩნდეს და გადასვლას დათანხმდეს.