საქართველოს ნაკრებისა და იტალიური „კრემონეზეს“ ფეხბურთელმა ლუკა ლოჩოშვილმა Fifa the best award-ზე სამართლიანი თამაშისთვის დაწესებული სპეციალური ჯილდო მიიღო.
სამართლიანი თამაშის (Fair Play) პრიზის ლუკა ლოჩოშვილთან ერთად ედუარდო კამავინგა („რეალი“) და სადიო მანე („ბაიერნი“) იყვნენ, მაგრამ ჟიურიმ ქართველის საქციელი ყველაზე მეტად დააფასა.
„კრემონეზეს“ მცველი ერთი წლის წინ ავსტრიის ჩემპიონატში გმირული საქციელისთვის გამოარჩიეს. 2022 წლის 27 თებერვალს, როდესაც ლოჩოშვილი ჯერ კიდევ „ვოლფსბერგერში“ თამაშობდა, ვენის „აუსტრიას’ ფეხბურთელი გეორგ ტაიგლი თავის ტრავმის შედეგად მოედანზე გონ-დაკარგული დაეცა. ფეხბურთელს პირველადი დახმარება ლოჩოშვილმა გაუწია და სიკვდილისგან იხსნა.
"ყველას მოგესალმებით. პირველ რიგში ბოდიშს გიხდით, რომ ვერ ვესწრები ცერემონიას, რადგან ხვალ თამაში გვაქვს. ეს აღიარება ჩემთვის დიდი პატივია, მადლობელი ვარ ამ ჯილდოსთვის და პატივისცემისთვის, ძალიან ბედნიერი ვარ. თუმცა, უფრო მეტად ბედნიერი იმის გამო ვარ, რომ გეორგის სიცოცხლე გადავარჩინე. ფეხბურთში მთავარი სამართლიანი თამაში და პატივისცემაა. ბედნიერი ვარ, რომ ის ახლა კარგადაა თავის ოჯახთან ერთად. ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ, რაც ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია", - თქვა ლუკამ ონლაინ ჩართვისას.