სამარცხვინოა, როცა ევროპაში ინტეგრაციის ნაცვლად, „ქართული ოცნება“ საზოგადოებას სთავაზობს რუსულ კანონებს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მანჯგალაძე აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ კანონპროექტს არავითარი საერთო არ აქვს ამერიკულ კანონპროექტთან, რაზეც ისაუბრა აშშ-ს ელჩმა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
მისივე თქმით, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ოპოზიციურმა პარტიებმა მხარი არ უნდა დაუჭირონ.
„ის კანონი ვრცელდება ლობისტებზე და უცხოეთის მთავრობის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებზე, ხოლო ამათმა შემოიტანეს ამერიკული სახელით რუსული კანონი, რომელიც ვრცელდება ყველა ორგანიზაციაზე, რომელიც იღებს დაფინანსებას უცხოეთიდან. სირცხვილია, სამარცხვინოა, როცა ევროპაში ინტეგრაციის ნაცვლად, „ქართული ოცნება“ საზოგადოებას სთავაზობს რუსულ კანონებს. „ქართულ ოცნებას“ ხმების საკმარისი რაოდენობა აქვს. ოპოზიციური პარტია, რომელიც ამ კანონს დაუჭერს მხარს, არ არის ოპოზიციური პარტია, ის არის სატელიტი „ქართული ოცნების“, – განაცხადა მანჯგალაძემ.