ალყაშემორტყმულ კიევში როდესაც დიდი ქვეყნების საელჩოები იკეტებოდა და დროშები იწეოდა, საქართველოს საელჩოს კარი არცერთი წუთით არ დახურულა, საქართველოს დროშა ფრიალებდა ალყაშემორტყმულ კიევში, ეს იყო ჩვენი სოლიდარობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო არის ქვეყანა, რომელიც მაქსიმალურად სოლიდარულია უკრაინის მიმართ.
„გუშინაც ვთქვი, მაშინ, როდესაც ყველა დიდი ქვეყნის საელჩო იკეტებოდა უკრაინაში, ალყაშემორტყმულ და ბომბების წვიმაში მყოფ კიევში ყველა დიდი ქვეყნის საელჩო იკეტებოდა და დროშები იწეოდა, საქართველოს საელჩოს კარი არ დაკეტილა არცერთი წუთით, საქართველოს დროშა ფრიალებდა ალყაშემორტყმულ კიევში. ეს იყო ჩვენი სოლიდარობა. რაც შეეხება სიტყვითა და საქმით სოლიდარობას, პოლიტიკურ მხარდაჭერას, გუშინწინ გაერო-ს ასამბლეამ მიიღო ჩვენი ავტორობით ინიცირებული რეზოლუცია, რომელშიც კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ.
საზოგადოების გასაგონადაც მინდა, ხაზი გავუსვა, დედამიწაზე არ არის არცერთი სახელმწიფო, რომელიც გამოიჩენდა იმავე სოლიდარობას, ჩვენს მდგომარეობაში რომ ყოფილიყო. ჩვენ არ გვიცავს ნატო-ს ჯარისკაცი, ევროკავშირს არ აქვს ჩვენ მიმართ ფინანსური დახმარებისა და სოლიდარობის არანაირი ვალდებულება. ჩვენ გამოვლილი გვაქვს სამი ომი და დღესაც საოკუპაციო ჯარი დგას საქართველოში. მიუხედავად ამ მდგომარეობისა, ჩვენ ვართ მაქსიმალურად სოლიდარული და მხადამჭერი უკრაინის, ასეთ სოლიდარობას არ გამოიჩენდა არცერთი ქვეყანა, რომ ყოფილიყო ჩვენს მდგომარეობაში. ამიტომ საქართველოს, ქართველ ერს და ქართულ სახელმწიფოს არავისთვის არ აქვს არაფერი დასამტკიცებელი. ჩვენ ვართ ის ქვეყანა, ის ხალხი, ის ხელისუფლება, რომელიც მაქსიმალურად სოლიდარულია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.