1921 წლის 25 თებერვალს ჩვენი ისტორიის ერთ-ერთმა ყველაზე ტრაგიკულმა მოვლენამ მრავალი ჩვენი თანამემამულის, ახალგაზრდა იუნკრების, შეიარაღებული ძალების მებრძოლებისა და მოხალისეების, მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა და მრავალი ათწლეულით შეცვალა ქვეყნის განვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ დღესაც სწორედ ისტორიული სიმართლე და სამშობლოსათვის თავდადებულ გმირთა მაგალითი მიგვიძღვის წინ ახალი გამარჯვებებისკენ.
„ამავე დროს, 25 თებერვალი იქცა საქართველოს საბოლოო დამოუკიდებლობისათვის შეუპოვარი ბრძოლის დაწყების დღედ. ჩვენი დღევანდელი თავისუფლება მათი დამსახურებაა, ვინც საკუთარი თავგანწირვით დაამტკიცა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, რომ საბოლოოდ ყოველთვის სიმართლე და ღირსება იმარჯვებს.
დღესაც სწორედ ისტორიული სიმართლე და სამშობლოსათვის თავდადებულ გმირთა მაგალითი მიგვიძღვის წინ ახალი გამარჯვებებისკენ, ქვეყნის გაერთიანებისა და გაძლიერებისკენ,“ – აღნიშნულია განცხადებაში.