შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პარასკევს ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინას „ახლა არ სჭირდება F-16-ები“.
ბაიდენის ამ კომენტარს წინ უსწრებდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და სხვა უკრაინელი ოფიციალური პირების მოწოდებები კიევისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების თაობაზე.
"არა, უკრაინას ახლა F-16-ები არ სჭირდება", - თქვა ბაიდენმა ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ და განმარტა, რომ ამერიკელი სამხედროები ამჟამად ვერ ხედავენ „ვერავითარ მიზეზს F-16-ების მიწოდებისთვის“.
"ამ მომენტისთვის, მე გამოვრიცხავ ამას", - დასძინა პრეზიდენტმა.
ბაიდენის თქმით, აშშ-ს სამხედროებს მიაჩნიათ, რომ მიმდინარე ეტაპზე უკრაინისთვის სხვა ტიპის იარაღის მიწოდება უფრო მნიშვნელოვანია.
"ჩვენ ვაგზავნით იმას, რაც ჩვენი გამოცდილი სამხედროების აზრით, უკრაინას ახლა სჭირდება. მას სჭირდება ტანკები, არტილერია, მას სჭირდება საჰაერო თავდაცვა, HIMARS", - თქვა ბაიდენმა.
თუმცა, აშშ-ის პრეზიდენტმა არ გამორიცხა, რომ თვითმფრინავების საკითხი მომავალში დადებითად გადაწყდეს და თქვა, რომ შეუძლებელია იმის ცოდნა, თუ რა დასჭირდება უკრაინის თავდაცვას მომავალში.
მანამდე აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ს ადმინისტრაცია ამჟამად არ აპირებს F-16 თვითმფრინავების უკრაინაში გადაცემას.
უკრაინა, ომის დაწყების პირველივე დღიდან ითხოვს საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას, რათა შეძლოს საკუთარი ცის დაცვა რუსული აგრესიისგან. უკრაინის თქმით, ცის დასაცავად 200-მდე მოიერიშე თვითმფრინავი სჭირდება, პრიორიტეტულია ამერიკული F-16 ტიპის გამანადგურებლები.