უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავზე, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა 12-პუნქტიანი პოზიცია "უკრაინის კრიზისის პოლიტიკური გადაწყვეტის შესახებ".
12-პუნქტიანი პოზიცია არ არის კრიზისის გადაწყვეტის გეგმა კონკრეტული წინადადებებით, რასაც პეკინისგან მოელოდა საერთაშორისო საზოგადოება, როგორი დაპირებითაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენიაზე ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვინ ი გამოვიდა. დოკუმენტი ძირითადად ზოგად იდეებს, მოწოდებებსა და სურვილებს მოიცავს.
12 პუნქტიდან პირველში ჩინეთი აცხადებს, რომ დაცული უნდა იყოს ყველა ქვეყნის დამოუკიდებლობა, ტერიტორიული მთლიანობა და სუვერნიტეტი, ასევე საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სამართლის პრინციპები და გაეროს წესდების მიზნები.
ეს პუნქტი შეიძლება აღიქმებოდეს, როგორც უკრაინის მხარდაჭერა, რადგან საერთაშორისო სამართლის თანახმად, რუსეთმა [უკრაინის] ტერიტორიული მთლიანობა დაარღვია.
მეორე პუნქტში პეკინი გამოდის მოწოდებით, უარი თქვან "ცივი ომის მენტალიტეტზე". ეს პოზიცია კრემლის ნარატივს შეესაბამება, რომლის თანახმადაც, დასავლეთი და ნატო რუსეთის სახელმწიფოებრიობას ემუქრებიან.
"ქვეყნის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი არ უნდა იყოს სხვების ხარჯზე, რეგიონის უსაფრთხოება მიღწეული არ უნდა იყოს სამხედრო ბლოკების გაძლიერებით, ან გაფართოების გზით", - ნათქვამია მეორე პუნქტში.
მესამე პუნქტში ჩინეთი მოუწოდებს მხარეებს, გამოიჩინონ თავშეკავება, "არ გააღვივონ ცეცხლი" და დაეხმარეონ უკრაინასა და რუსეთს დიალოგის დაუყოვნებლივ განახლებაში.
მეოთხე პარაგრაფში პეკინი აცხადებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა შექმნას პირობები და პლატფორმები სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის.
მეათე პუნქტში ჩინეთი აკრიტიკებს უკრაინის მოკავშირე დასავლეთს. პეკინის თანახმად, მიუღებელია "ცალმხრივი" სანქციები. პეკინი მიიჩნევს, რომ ცალმხრივია ყველა სანქცია, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს არ დაუმტკიცებია.
სხვა პუნქტებში ჩინეთი საუბრობს ჰუმანიტარული კრიზისის დაძლევის აუცილებლობაზე, მშვიდობისა მოსახლეობის და სამხედრო ტყვეების უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე, მარცვლეულის ექსპორტის შენარჩუნებაზე, ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხოებასა და ომისშემდგომ რეკონსტრუქციაზე კონფლიქტის ზონებში.