ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტში სისხლის სამართლის რეფორმით დაინტერესებული მოქალაქეების შეკითხვებს იუსტიციის სამინისტროს, პროკურატურის, იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებმა უპასუხეს. აუდიტორიის წინაშე პეზენტაციებით ის სტუდენტები წარსდგნენ, რომელთაც სპეციალური ტრენინგები იუსტიციის სამინისტროში გაიარეს. ასმა სტუდენტმა უშუალოდ რეფორმის განმახორციელებელი პირებისგან მოისმინეს ლექციები სისხლის სამართლის რეფორმის ზოგადი პოლიტიკის, მისი ძირითადი მიმართულებების შესახებ და ახლა თავად მართავენ პრეზენტაციებს უმაღლეს სასწავლებლებსა და ზოგადსაგანამათლებლო დაწესებულებებში - ისინი თავიანთ თანატოლებს, დაინტერესებულ პირებს აწვდიან ინფორმაციას სისხლის სამართლის რეფორმის მიმდინარეობის შესახებ.
როგორი იყო ვითარება რეფორმამდე, რას ნიშნავს მართლმსაჯულების რეფორმა მოქალაქეებისთვის, რატომ იყო აუცილებელი ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა და რას ითვალისწინებს ახალი, ლიბერალური კანონმდებლობა - ძირითადი თემები, რომლის შესახებაც დღეს ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრაზე ისაუბრეს.
რეგიონული შეხვედრები და დისკუსიები ერთ-ერთია იმ ღონისძიებათა გეგმიდან, რომელსაც სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო და იუსტიციის სამინისტრო ევროკავშირის პროექტის "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" და "საქართველოს გაეროს ასოციაციის" მხარდაჭერით ახორციელებს. სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის ხელშეწყობა ევროკავშირისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს და აქტიურად არის ჩართული მიმდინარე რეფორმებში.
დღესვე იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა უნივერსიტეტში სტუდენტებთან დისკუსიის შემდეგ, ახალციხის მოსახლეობასთან გამართეს საინფორმაციო შეხვედრა. შეხვედრა მოსახლეობასთან ქალაქის ცენტრში შედგა. აქციაში იუსტიციის სამინისტროში შემავალმა თითქმის ყველა სამსახურმა - საჯარო რეესტრის ეროვნულმა საგენტომ, სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, ეროვნულმა არქივმა, იუსტიციის სასწავლო ცენტრმა მიიღო მონაწილეობა.
აქციის ფარგლებში ახალციხის მოსახლეობას საშუალება მიეცა პირადად შეხვედროდა სამინისტროს ხელმძღვანელ პირებს, მიეღო საჭირო სერვისებზე ამომწურავი ინფორმაცია, ასევე მიეღო იურიდიული კონსულტაცია. სამინისტროს წარმომადგენლებმა კი თავის მხრივ მოისმინეს მოსახლეობის პრობლემები და შესაძლებლობის ფარგლებში ადგილზე გაუწიეს მათ დახმარება.
სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობამ იუსტიციის სახლის კონცეფციაზეც მიიღო ინფორმაცია, რაც ნიშნავს მომავლისთვის იუსტიციის სამინისტროს ყველა სერვისის ერთ სივრცეში გაერთიანებას. ახალციხელებმა ასევე შეიტყვეს იმის შესახებ, თუ რა გამარტივებული სერვისებით სარგებლობას შეძლებენ ისინი მომავალში.
მოსახლეობასთან შეხვედრები იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა კახეთის რეგიონიდან დაიწყეს. თელავისა და გურჯაანის შემდეგ, მსგავსი შეხვედრა მარნეულშიც გაიმართა. სისხლის სამართლის რეფორმის შესახებ დისკუსიები სტუდენტების მონაწილეობით და საინფორმაციო შეხვედრები მოსახლეობასთან მომავალში საქართველოს სხვა რეგიონებში გაგრძელდება.