ლონდონის საუთენდის აეროპორტში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა. ინციდენტის გამო აეროპორტიდან რამდენიმე რეისი უკვე გაუქმდა. ინფორმაციას Sky News ავრცელებს.
სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, დაახლოებით 12-მეტრიანი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ შეტყობინება 16:00 საათამდე ცოტა ხნით ადრე მიიღეს. ადგილზე ყველა სასწრაფო დახმარების სამსახურის ერთობლივი მუშაობა გრძელდება, რომელიც, პროგნოზის თანახმად, კიდევ რამდენიმე საათს გასტანს.
სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს კვამლის სქელი შავი ღრუბელი, ხოლო ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, ავარიის დროს მან „ცეცხლოვანი ბურთი“ დაინახა.