შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით მუდმივ რეჟიმში ტარდება ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები, ხორციელდება საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობა, ასევე, დანაშაულის ოპერატიული და ტაქტიკური ანალიზი.
შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, გასულ წელს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 6 „კანონიერი ქურდი“, ხოლო „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდულ გარჩევაში“ მონაწილეობის, „ქურდული სამყაროსადმი“ მიმართვისა და მხარდაჭერის ფაქტზე დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 79 პირი.
„2022 წელს, საქართველომ ევროპული ინსტიტუტებისგან ევროპული პერსპექტივების შესახებ მნიშვნელოვანი გზავნილი მიიღო. პარტნიორებისგან საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერება იყო. ორგანიზებული დანაშაულის ტენდენციებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ, როგორც მსოფლიოს ბევრი ქვეყნისთვის, ასევე, საქართველოსთვისაც, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობა, კიბერდანაშაული და კრიმინალურ სამყაროსთან კავშირში მყოფი
ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებები. გარდა ამისა, პრიორიტეტია
ტრეფიკინგთან ბრძოლა. ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით მუდმივ რეჟიმში ტარდება ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები, ხორციელდება საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობა, ასევე, დანაშაულის ოპერატიული და ტაქტიკური ანალიზი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი დანაყოფი - ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აქტიურად ახორციელებს ოპერატიულ და საგამოძიებო ღონისძიებებს „კანონიერი ქურდების“ და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების მიმართ. მუდმივად იხვეწება კანონმდებლობა, ასევე ხდება ორგანიზებულ დანაშაულთან მებრძოლი დანაყოფების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება. გასულ წელს ქართველი სამართალდამცველების მხრიდან ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა ციფრებში ასე აისახა: 2022 წელს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 6 „კანონიერი ქურდი“, ასევე, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდულ გარჩევაში“ მონაწილეობის, „ქურდული სამყაროსადმი“ მიმართვისა და მხარდაჭერის ფაქტზე დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 79 პირი“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.