„თქვენ, საქართველოს ხელისუფლებავ, ნაცვლად იმისა, რომ მოსახლეობის განწყობა გადარდებდეთ, ნაცვლად იმისა, რომ, თქვენი ამომრჩევლის დაკვეთას ასრულებდეთ, რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში ყოფნით აკეთებთ ფულს და ქმნით ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერების ილუზიას“, - ამ სიტყვებით მიმართა „ქართული ოცნების“ წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უფრაქციო პარლამენტის წევრმა ბექა ლილუაშვილმა.
მან უმრავლესობის წევრებს შეახსენა, რომ პარლამენტში ინიცირებულია პარლამენტის რეზოლუციის პროექტი, რომელიც პირდაპირ მიმართულია რუსი მიგრანტების უკონტროლო შემოსვლის შეზღუდვაზე ქვეყნაში.
„ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური დაკვეთა, ამას გეუბნებათ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა. ამ მოქალაქეების 69% მოგიწოდებთ, რომ შეცვალოთ სავიზო პოლიტიკა რუსეთის მოქალაქეებთან მიმართებაში“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
მისი თქმით, ქვეყნის ექსპორტში სულ უფრო ძლიერ პოზიციებს იკავებს რუსეთი, კერძოდ, იანვრის მონაცემებით 107% -ით არის გაზრდილი ექსპორტი რუსეთში, რაც იმას ნიშნავს, რომ გაორმაგდა ექსპორტი იმ ქვეყანაში, რომელთანაც თანამშრომლობაზე უარს ამბობს მთელი მსოფლიო.