ჯაბა იოსელიანისა და თენგიზ კიტოვანის შემდეგ, საქართველოს ასეთი ანტიქართული ხელისუფლება არ ჰყოლია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა წევრმა, პაატა მანჯგალაძემ „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, კანონპროექტი რუსული კანონის ასლია.
„საქართველოს არ ჰყოლია ისეთი ანტიქართული ხელისუფლება, როგორიც დღეს არის, ჯაბა იოსელიანისა და თენგიზ კიტოვანის შემდეგ. „ქართული ოცნება“ არის ანტიქართული, ანტიევროპული, ანტიეროვნული ძალა. ამას ყოველდღიურად ადასტურებს და ერთ-ერთი გამოვლინება არის ამ არადემოკრატიული ვითომ გამჭირვალობის შესახებ კანონის მიღება, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანების სტიგმატიზაციას. ყველა იმ ადამიანის, რომელიც დაკავშირებულია დასავლურ ღირებულებასთან, ადამიანის უფლებების დაცვასთან, კანონის, სამართლის უზენაესობასთან, გამოაცხადონ უცხოეთის აგენტებად.
ამ ქვეყანაში თუ ვინმე არის აგენტი და წარმოადგენს უცხო ქვეყნის ინტერესს, არის „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერები", - ამბობს მანჯგალაძე.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არის ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი ძალა, რომელიც პირდაპირ განასახირებს რუსულ ინტერესს, რაც მტკიცდება ყოველდღე.
"ბაიდენი ჩადის კიევში და არის უძლიერესი მხარდაჭერა, საქართველოში სენატორები ჩამოდიან და ამ დროს „ქართული ოცნება“ ელოდება რუსეთიდან ფრენების აღდგენას. ესენი ამისთვის იბრძვიან, რომ ბიზნესი, ფული გააკეთონ საქართველოს ინტერესის ხარჯზე და უკრაინელი ბავშვების სისხლის ფასად“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.