ვიცი, რომ მისი მდგომარეობა უარესდება, - ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა, დიკ დურბინმა განაცხადა.
ამერიკელმა სენატორებმა, ჯინ შაჰინმა და დიკ დურბინმა საქართველოში ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ აუცილებელია ყველას უფლება დაცული იყო, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის.
„მიხეილ სააკაშვილს პირადად ვიცნობ. მის სიტუაციას ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს. არ მაქვს ინფორმაცია სამართლებრივი ბრალდებების შესახებ, რაც მის წინაშეა, ასევე არც სამედიცინო კუთხით ვარ ექსპერტი, რომ ამაზე ვისაუბრო, თუმცა ვკითხულობ ანგარიშებს ამასთან დაკავშირებით და ვიცი, რომ მისი მდგომარეობა უარესდება. მოვუწოდებ ყველას ჰუმანური მოპყრობისკენ, მისი უფლებების დაცვისკენ. მას, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ პატიმარს, უნდა გაეწიოს სათანადო სამედიცინო დახმარება“, – განაცხადა დიკ დურბინმა.
სენატორებს ასევე ჰკითხეს, რატომ ეთქვათ უარი მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში მონახულებაზე.
„ვიზიტი არ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ მას ჰქონდეს სათანადო სამედიცინო მომსახურება და ეს არის უფრო მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა დიკ დურბინმა.