იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე საერთაშორისო საზოგადოებას ჰქონდა რეაგირება, თუმცა, მაშინდელი ხელისუფლების პასუხი იყო „დაცინვა ჩვენი და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების“. ეს განცხადება მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა.
„აღსანიშნავია CPT-ის იმჟამინდელი ანგარიში. სწორედ ამ დოკუმენტში აღინიშნა, რომ არაადამიანური მოპყრობა საქართველოში პენიტენციურ დაწესებულებებში იყო სისტემური პრობლემა, ანუ საერთაშორისო საზოგადოება, ცხადია, ამ ყველაფერს ხედავდა. როდესაც არსებობს კომისიის ანგარიში, რომელიც პასუხისმგებელია, პრაქტიკულად, თვალყური ადევნოს ევროპის ტერიტორიაზე პენიტენციურ დაწესებულებებში ადამიანთა უფლებრივ მდგომარეობას, ასახავდა თავის ანგარიშში იმ ვითარებას, რის შესახებაც ჰქონდათ მათ ინფორმაცია. მაგრამ ერთია, საერთაშორისო საზოგადოება რას ამბობს, და მეორეა, სახელმწიფოში მთავარ მოქმედ პირებს რამდენად შესწევთ უნარი, დაინახონ თავიანთი ნაკლოვანებები; რას პასუხობდნენ ნაციონალური მოძრაობის დროს ციხეებში არსებულ სიტუაციას და, ზოგადად, დანაშაულთან ბრძოლის არაადამიანურ მეთოდებს. პასუხი იყო ნულოვანი ტოლერანტობა და ის, რომ ადამიანს, რომელიც გაბედავდა, პროპაგანდისტული თვალსახვევი ოდნავ მაინც ჩამოეწია და დაენახა სიმართლე, თავზე ჩამოაცმევდნენ ტომარას და შეიძლება ხელკეტების ჯერის ქვეშაც გაეტარებინათ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
იუსტიციის მინისტრმა გაიხსენა იმჟამინდელი პრეზიდენტის ერთ-ერთი საჯარო შეხვედრა, სადაც მან განაცხადა, რომ საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროში თანამშრომლის დასაქმებისათვის საჭიროა სტაჟირება საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში.
„ამაზე მეტი დაცინვა, მათ შორის, ჩვენი პარტნიორებისა, რა უნდა იყოს. ერთი მხრივ, ითელებოდა ფეხქვეშ ადამიანის უფლებები, კონსტიტუცია და სამართლებრივი წესრიგი, და ამ ყველაფერზე პასუხი იყო დაცინვა ჩვენი და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.