ჩვენი, მიხეილ სააკაშვილის და მისი მხარდამჭერების ინტერესები სრულიად განსხვავებულია ერთმანეთისგან. ჩვენ გვინდა, რომ ის იყოს კარგად და მათ ეს არ უნდათ, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პატიმარ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„როგორც ხედავთ, სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს კონკრეტული ფაქტების საფუძველზე და არ მოქმედებს მოწოდებებით. მე მესმის მისი ადვოკატების, რომლებიც კარგ ანაზღაურებას იღებენ, სავარაუდოდ, იმისთვის, რომ ყველა შესაძლო მეთოდით იბრძოლონ ამ ადამიანის თავისუფლების მოსაპოვებლად. ასევე, ლობისტებისაც, რომელთა შემოსავალი დამოკიდებულია იმ გადახდილ თანხებზე, რომელთაც მათ როგორც სააკაშვილი, ასევე სხვა პირები უხდიან და ისინი ცდილობენ მაქსიმუმის გაკეთებას, მაგრამ ეს საზოგადოება არ არის ბრმა, რომ სიმართლე ტყუილისგან ვერ განასხვაოს; ვერ განასხვაოს ერთმანეთისგან თეთრი და შავი ფერი.
როდესაც ადამიანი არის სამკურნალო დაწესებულებაში და თუ მას ესაჭიროება მკურნალობა და ამ ყველაფერს სახელმწიფო აკეთებს, მაშინ რა წამებაზე შეიძლება იყოს საუბარი?! რა წამებაზე შეიძლება იყოს საუბარი, როდესაც თუ არ ვცდები, ამ ადამიანს უკვე 1800-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს?! არის ოროთახიან პალატაში, ჰყავს ექიმები, რომლებიც მუდმივად ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ იყოს კარგად. უბრალოდ, ჩვენი, ამ ადამიანისა და მისი მხარდამჭერების ინტერესები სრულიად განსხვავებულია ერთმანეთისგან. ჩვენ გვინდა, რომ ის იყოს კარგად და მათ ეს არ უნდათ. მათ უნდათ, რომ ეს ადამიანი იყოს ცუდად და ამ მოტივით ის გაიყვანონ პენიტენციური დაწესებულებიდან.ესაა მათი სურვილი და აქ ჩვენი თანამშრომლობა ვერ შედგება. ჩვენ მაქსიმალურად გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ეს ადამიანი იყოს ჯანმრთელად“, - განაცხადა ბრეგაძემ.