სენატორი ჯინ შაჰინი დაინტერესდა, როგორ მიმდინარეობს ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა ამერიკელ სენატორებთან, ჯინ შაჰინთან და დიკ დურბინთან შეხვედრის შესახებ განაცხადა.
„იცით, რომ სენატორი შაჰინი ძალიან დიდი ხანია, არის ჩვენი ქვეყნის, ქართველი ხალხის და ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის მეგობარი, გულშემატკივარი. ის, ისევე როგორც ჩვენ და ქართველი ხალხი, საკმაოდ გულდაწყვეტილია, რომ ჩვენმა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო. ამიტომ განსაკუთრებით დაინტერესდა, როგორ მიმდინარეობს ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება. ამასთან დაკავშირებით გვქონდა საუბარი. გვქონდა საუბარი გამოწვევაზე, რომელიც არის ქვეყანაში, მაგალითად, პოლიტპატიმარი ნიკა გვარამიას არსებობა, რომელიც დღემდე უკანონო პატიმრობაში რჩება. ვფიქრობ, სენატორს ამ შემთხვევაში ძალიან აინტერესებს, რა შეიძლება გაკეთდეს, რათა დაეხმაროს ჩვენს სახელმწიფოს და მორიგ ჯერზე არ დავკარგოთ კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.