ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა, დაიცვას ბალტიელი მოკავშირეები, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ვიზიტისას განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრამ ნატო გააძლიერა. ლოიდ ოსტინის განცხადებით, აშშ პირველი იყო, რომელმაც უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ ნატო-ს აღმოსავლეთი ფლანგი გააძლიერა.
„პუტინი ფიქრობდა, რომ მას შეეძლო ნატო-ს გაყოფა, მაგრამ მისმა აგრესიამ საპირისპირო გამოიწვია. ნატო-ს ალიანსი უფრო ერთიანი და ძლიერია, ვიდრე ოდესმე. იცით, რომ რუსეთის შეჭრამდე შევხვდი თქვენს თავდაცვის მინისტრს და ვუთხარი, რომ თუ რუსეთი შეიჭრებოდა უკრაინაში, მეორე დღეს ესტონეთში ძალებს განვათავსებდით. ჩვენ ასეც მოვიქეცით. ასე რომ, ჩვენ ერთგული ვართ მე-5 მუხლის მიმართ“, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა.